ალიევ-სააკაშვილის ჰარმონია და საწვავის ფასები

ალიევ-სააკაშვილის ჰარმონია და საწვავის ფასები

ალიევი და სააკაშვილი საქართველოში საწვავის ფასებს მუდმივად ზრდიან, - ასე ფიქრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, როდესაც ავტოგასამართ სადგურზე ბენზინის ჩასასხმელად მანქანას მიაყენებენ ხოლმე. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას განცხადებით, საწვავის ფასების კატასტროფული მატება ალიევი-სააკაშვილის საოჯახო ბიზნესინტერესებით არის განპირობებული.

 

კერძოდ, ისინი არიან ქვეყანაში საწვავის მთავარი შემომტანი კომპანიის „სოკარის“ მეპატრონეები, რომლის ხელმძღვანელებიც სხვა ნავთობკომპანიებთან შეთანხმებით საწვავზე არაბუნებრივად მაღალ ფასებს აწესებენ და ამ გზით, მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე, ყოველდღიურად მილიონობით ლარს შოულობენ. 

 

საქართველოში „სოკარ-ჯორჯია“ არა მხოლოდ საწვავის მთავარი შემომტანი, არამედ დისტრიბუტორიცაა, აქვს ბენზინგასამართი სადგურების ყველაზე დიდი ქსელი და ბაზარს საწვავის ფასებს კარნახობს. საქართველოში კომპანიის 51 პროცენტს აზერბაიჯანული მხარე, სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“, 49 პროცენტს კი -  მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ფლობს. 

 

„თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ კომპანია „ვისოლი“ სააკაშვილის ძმას ეკუთვნის, ადვილი მისახვედრია, რომ ბაზრის კონიუქტურას მთლიანად ეს ორი კომპანია განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ  მსოფლიოში ნავთობის ფასი მცირდება, საქართველოში საწვავი ლამის ყოველდღიურად ძვირდება, რაც ერთი-ორად დუხჭირს  ხდის ცხოვრებას“, - აღნიშნა გუგავამ.

 

ლეიბორისტების  გაანგარიშებით, საქართველოში საწვავის ფასი, დაახლოებით, 70 თეთრით ხელოვნურად არის გაზრდილი. ამ გზით მიღებული მოგება კი „სააკაშვილის სალაროში“ მიდის. 

 

„კიდევ ერთხელ მივმართავთ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, რომლისთვისაც, სააკაშვილისგან განსხვავებით, იმედია, მნიშვნელოვანია ორი ხალხის - ქართველებისა და აზერბაიჯანელების - კეთილმეზობლური ურთიერთობა, მიიღოს კონკრეტული ზომები საქართველოში მონოპოლისტი ნავთობკომპანიის ბანდიტური საქმიანობის აღსაკვეთად, რათა საქართველოში საწვავის ფასები დარეგულირდეს და რეალურ ღირებულებამდე დაიწიოს“, - აღნიშნა გიორგი გუგავამ.

 

ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორები კი საწვავის გაძვირებას საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილებას უკავშირებენ და საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ. „რომპეტროლში“ აცხადებენ, რომ ბენზინის ფასი გასული წლის შემდეგ ფასი 100 დოლარითაა გაზრდილი და 800 დოლარს შეადგენს. მათივე თქმით, ეს საწვავს 14 თეთრით აძვირებს, თუმცა ლარის გამყარების გამო კომპანიებმა მატება მხოლოდ 5 თეთრით მოახდინეს.

 

„რომპეტროლი“ არ გამორიცხავს, რომ ასეთი ფასის შენარჩუნების შემთხვევაში საწვავზე ფასი კიდევ 5 თეთრით გაიზარდოს. ფასის კიდევ უფრო მატებას არც „სოკარში“ გამორიცხავენ. „ლუკოილში“ კი განმარტავენ, რომ საწვავის ფასი დამოკიდებულია მარაგებზე და საერთაშორისო ბაზარზე.

 

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა კი აცხადებს, რომ ბოლო 30-40 დღეა, საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასები 15-20%-ით გაიზარდა, რაც საქართველოზეც აისახა.

 

„ფასები საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო პერიოდია, იზრდება. ჩვენ ახალი იმპორტი განვახორციელეთ და, შესაბამისად, იძულებული გავხდით, ფასები მოგვემატებინა. იმედს ვიტოვებ, საწვავის ფასი აღარ გაიზრდება“, - განაცხადა ხორავამ და აღნიშნა, რომ კომპანია საერთაშორისო ბაზრის ადეკვატური იქნება და ფასების შემცირების შემთხვევაში ეს საქართველოზეც აისახება.