ანტიმონოპოლიური სამსახურისთვის იძულებით მოფიქრებული ფუნქციები

ანტიმონოპოლიური სამსახურისთვის იძულებით მოფიქრებული ფუნქციები

 

საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაც სურს და აღმოსვლეთის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვაც. ეს ყველაფერი კი ვალდებულებების შესრულების გარეშე სურს.

ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულება რომ არ უნდა, ამ დასკვნის გაკეთება მთავრობის ქმედებებიდანაც კარგად ჩანს. ყოველ შემთხვევაში, დღემდე არცერთი ვალდებულება არ არის შესრულებული. ამას მთავრობის ჩინოვნიკები პირდაპირ ამბობენ, თანაც ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

 

ბრიუსელში, ევროკომიისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ დავასახელებთ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გაზაფხულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს ბრიუსელში ყოფნისას სწორედ ის უთქვამს, რომ საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება სურს, მაგრამ ვალდებულებებს ვერ შევასრულებთ და ეს ამის გარეშე გავაკეთოთო.

 

როგორც გაირკვა, გილაურის ეს ნათქვამი ევროკავშირის წარმომადგენლებს თავდაპირველად ხუმრობა ეგონათ, მაგრამ შემდეგ უკვე მიზეზების დასახელებაზე რომ გადასულა (საქართველოს ამ ყველაფერის გაკეთება რა დაუჯდება და ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს შეუძლებელიაo), მიხვედრილან, რომ არ ხუმრობდა.

 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების საკითხი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა და ეს იყო ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის ერთ-ერთი კომპონენტი. ამისთვის საქართველოს გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაეკისრა და ახლა გილაური სწორედ ამ ვალდებულებებზე ვაჭრობს.

 

ამ ვალდებულებებიდან ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში ყველაზე მნიშვნელოვნად სამ საკითხს მიიჩნევენ. ეს არის ახალი შრომის კოდექსის შექმნა, ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩამოყალიბება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.  ამ მოთხოვნების შესრულებას კი, ცხადია, თავისი საფუძველი გააჩნია და ექსპერტები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ამის გარეშე საქართველო ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს, უბრალოდ, ვერ დაამყარებს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ სამი მოთხოვნის შესასრულებლად კონკრეტული ვადა არ არის დაწესებული, მაგრამ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარებისთვის მოლაპარაკებების გააქტიურების შემდეგ ამ საკითხებმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. რეფორმა კი დღემდე არცერთი მიმართულებით არ ხორციელდება.

 

ამ სამი საკითხიდან „შრომის კოდექსზე“ ხელისუფლება საერთოდ არაფერს ამბობს, ხოლო სურსათის უვნებლობის საკითხი 2013 წლისთვის გადადო. რაც შეეხება მესამე საკითხს - ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას - დღემდე ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

შარშან ამ დროს ფინანსთა მინისტრი კატეგორიულად აცხადებდა, რომ ევროკავშირი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას კი არ ითხოვს, არამედ იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს მონოპოლიების შექმნისთვის პირობები. ჩვენი კანონმდებლობა კი საკმაოდ კარგია იმისთვის, რომ მონოპოლიების შექმნა არ მოხდესო.

 

ბაინდურაშვილის ამ განცხადებიდან სულ ცოტა ხანში თავად პრეზიდენტმა გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ქვეყანაში მონოპოლიები არსებობს და საჭიროა, შეიქმნას ანტიმონოპოლიური სამსახურიო. ამის შემდეგ კი უკვე ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაზეც დაიწყო მუშაობა და ერთადერთი, რაც აქამდე გაკეთდა, ის არის, რომ პარლამენტმა რამდენიმე თვის წინათ მიიღო კანონი, რომლის თანახმად შეიქმნა აღნიშნული სამსახური. უფრო სწორედ, ეკონომიკის სამინისტროში აქამდე არსებულ რაღაც სამსახურს - „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს“ მხოლოდ სახელი შეეცვალა და ანტიმონოპოლიური სამსახური დაერქვა.

 

ამ სამსახურს რა ფუნქციები უნდა ჰქონოდა, კანონის მიღებიდან დღემდე გაურკვევლი იყო. ახლა კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, რომ „მთავრობამ დაამტკიცა კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში საბოლოოდ შეთანხმდა ევროკომისიასთან“.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა ფუნქციები ექნება ამ სამსახურს,ხუროშვილი აცხადებს, რომ მათ ბაზრის ყველას სეგმენტის გაკონტროლება მოუწევთ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სასამართლო გამოიტანს.

 

„კონკურენციის სააგენტოს მიენიჭება უფლება, რომ ჩაატაროს მონიტორინგი ბაზრის ყველა სეგმენტში თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით. ამისთვის ის გამოიყენებს საკუთარ რესურსებს, ასევე გამოიყენებს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციას, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. მას შეუძლია, დაიქირავოს კერძო ექსპერტები და დაუკვეთოს კონკრეტული კვლევის ჩატარება. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილების მიმღები არ იქნება და საბოლოოდ მოკვლევის შედეგები წარედგინება სასამართლოს, სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და დააწესებს სანქციებს“, - განმარტავს ხუროშვილი.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის სანქციები იქნება გამოყენებული კერძო სუბიექტების მიმართ, ხუროშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი და ეს ასახული იქნება იმ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტს დაახლოებით ერთ თვეში წარედგინება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციები, დაახლოებით, მაინც არის ცნობილი, ექსპერტები ამის შესახებ ჯერჯერობით ვერანაირ კომენტარს ვერ აკეთებენ. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ მათთვის მთავრობის ხედვა უცნობია და კომენტარებს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ეს ხედვა რაიმე ფორმით გაცხადდება.