პოლიტიკოსები დასკვნების შექმნის და გავრცელების საკითხებში პროკურატურას არ უნდა ასწრებდნენ

პოლიტიკოსები დასკვნების შექმნის და გავრცელების საკითხებში პროკურატურას არ უნდა ასწრებდნენ

ჩემი აზრით, პოლიტიკოსები არ უნდა ასწრებდნენ პროკურატურას დასკვნების შექმნის და გავრცელების საკითხებში, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და მისი მოადგილის, გედევან ფოფხაძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ქართული საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისადმი გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, არამხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ მთლიანად ქართულ მართლმსაჯულებაში სრული გაუგებრობა და მზარდი პოლიტიზირება შეინიშნება.

”ჩემი აზრით, უპრიანი იქნებოდა მიმართვის ავტორების უფრო თავშეკავებული აქტივობა, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტებში შეიძლება აღქმული იქნას, რომ საქართველოს პროკურატურის ნაცვლად ერთ-ერთი საპარლამენტო კომიტეტი ავრცელებს დასკვნას ერთ- ერთ საკითხზე, რომლის მიმართაც უკვე კარგა ხანია მაღალი ინტერესი გააჩნია არამხოლოდ ქართულ საზოგადოებას. მოვა დრო და დადგება სრულიად სიყალბით გაჟღენთილ ”კაბელების საქმეზე” გამამართლებელი განაჩენი, მაშინ რა ფორმით იქნება ბოდიშის მოხდა ასეთი განცხადებების ავტორებისგან, ალბათ, ძნელად წარმოსადგენია. არავისთვის არის უცნობი ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული შემადგენლობა ყალიბდებოდა სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ. ფართოდ არის უკვე დანერგილი ჩვენს ცნობიერებაში, რომ სამწუხაროდ, სამართლიანობის თემებზე სულ უფრო ერთმანეთს უახლოვდება ”ნაციონალური მოძრაობის” და ”ქართული ოცნების” ხედვა, მითუმეტეს მაშინ, თუ კარს მომდგარია საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ, ასეთი საკითხების პოლიტიზირება საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოადგება. მაგრამ იქ, სადაც შიშია, იქ სადაც ქვეცნობიერად მაინც აღიქმება არც თუ საამური პერსპექტივა მუდმივი პარლამენტარობისა, ასეთი განცხადებები შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ასეთი განცხადებების მიმართ ნდობა ვერ იქნება იმაზე მეტი, რამდენი აქტივისტიც ჰყავს ”ქართულ ოცნებას”, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”. მიმართვაში დეტალურადაა საუბარი იმ ბრალდებებზე, რასაც ბოლო პერიოდში ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სასამართლოს წინააღმდეგ ავრცელებს.