“ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის გრიფირებული სახელმძღვანელოების მიწოდება უზრუნველყოს

“ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის გრიფირებული სახელმძღვანელოების მიწოდება უზრუნველყოს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის გრიფირებული სახელმძღვანელოების მიწოდება უზრუნველყოს.

ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია დღეს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სერგო რატიანმა და პარტიის წარმომადგენელმა მარიამ რამინაშვილმა გამართეს.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, მოითხოვენ მთავრობისგან დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც მოსწავლეების 97 %, მასწავლებლებისა და სკოლის სხვა თანამშრომლების 91 % კი ეთნიკურად ქართველია, ხოლო მათი მშობლიური ენა ქართულია, 2016-2017 სასწავლო წლისთვის აღდგეს ქართული სკოლის სტატუსი.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის 2016-2017 სასწავლო წელს განათლების ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. დღევანდელი მდგომარეობით, არც ერთი ქართული სკოლა არ ფუნქციონირებს. ამ რთულ მდგომარეობას დაემატა ის ფაქტიც, რომ გასულ სასწავლო წელს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქართული გრიფირებული სახელმძღვანელოების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის მიწოდება. შესაბამისად, მოსწავლეები სასწავლო პროცესში მხოლოდ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წიგნებს იყენებენ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, 2013 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა ე. წ. სასწავლო რეფორმა დაიწყო, რომლის ფარგლებში გალის 10 სოფელი და ამ სოფლების სკოლებიც ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნა, რითაც ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ და ქართული სკოლების რაოდენობა 31-დან 11-მდე შემცირდა.

რატიანის თქმით, მოგვიანებით, 2015 წელს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სკოლის სტატუსი საერთოდ გაუქმდა და ქართული ენა ორსაათიან არასავალდებულო საგნად მხოლოდ რამდენიმე სკოლაში დარჩა, ისიც დაწყებით კლასებში.

მარიამ რამინაშვილის განცხადებით კი, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქართული ენისა და ქართული ისტორიის სწავლება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი არაა.

„ქართულ სახელმძღვანელოებში აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამ ინფორმაციის მოსწავლეთათვის მიწოდება ქართული პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს“, - განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.