საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს მოსახლეობას მიმართავს. გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, სააკაშვილი ყურადღებას მისი ხელისუფლების პერიოდში სამეგრელოში განხორციელებულ პროექტებზე ამახვილებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, 2012 წლიდან შეჩერებულია ყველა ის პროექტი, რომელიც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო. "მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია არ ვარ საქართველოში, ყველაზე მეტად მინდა იმ გეგმების განხორციელება, რომლებიც ასე მუხთლად და უცაბედად შეწყდა 2012 წელს. 2012 წელს ჩვენ ვიწყებდით ლაზიკის პორტის მშენებლობას, რომელიც სამეგრელოს დედაქალაქ ზუგდიდს აქცევდა რეგიონის მასშტაბით ურბანულ ცენტრად. ადრე ბევრი გიჟად მთვლიდა, ახლა კი ისევ დაუბრუნდნენ ჩემს პროექტს იმიტომ, რომ მიხვდნენ ცამდე მართლები ვიყავით. ჩემი დიდი ოცნება სამეგრელოს განვითარებას უკავშირდება, ის უნდა გახდეს ლოკომოტივი და თითოეული თქვენგანი ამ ლოკომოტივის მემანქანე, საქართველოს გამომყვანი ჭაობიდან და მომავლისკენ სვლის. უნდა გიყვარდეს და გესმოდეს სამეგრელო. ამ მთავრობას არა მხოლოდ არ ესმის სამეგრელოსი, არამედ ვიცით, რომ ივანიშვილს არც უყვარს. მაგრამ მე და თქვენ ვიცით რამხელა პოტენციალი აქვს სამეგრელოს და ეს პოტენციალი ერთად უნდა ავამუშაოთ, ძალიან მალე, მომავალ შეხვედრამდე", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის მოქმედი გუბერნატორის ვიდეო მიმართვები სოციალური ქსელების მეშვეობით მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება. სამეგრელოს მოსახლეობის მსგავსად, სააკაშვილმა თბილისისა და აჭარის მოსახლეობას მიმართა.