ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ჩვენი პოზიცია არის ჩამოყალიბებული, უცვლელი და მას ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს.
დეპუტატის აზრით, საჭიროა მეუღლეთა თანასწორუფლებიანობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი და ქორწინების თაობაზე სამოქალაქო კოდექსის მუხლი ერთმანეთთან მოვიდეს შესაბამისობაში.
„ჩვენი საერთო პოზიციაა, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხი აუცილებლად არის გადასაწყვეტი. კონსტიტუციაში უნდა შევიდეს დაზუსტება, ხოლო 225 000 ადამიანის ხელმოწერა კიდევ უფრო მეტად გვიძლიერებს ამ პოზიციას. როდესაც ჩვენ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარვუდგინეთ, რეფერენდუმის ჩატარებაზე არც ვფიქრობდით. ცვლილებების პროექტი კენჭისყრამდე მისულია და მას ბოლომდე მივიყვანთ. ის, თუ რატომ უნდა გაკეთდეს ეს, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. პირველ რიგში, არავის უნდა მიეცეს საშუალება იმისა, აღნიშნული საკითხი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და სპეკულაციებისთვის გამოიყენოს. ასევე უნდა მოხდეს პრევენცია იმისა, რომ უმცირესობათა მიმართ რაიმე აგრესიას არ ჰქონდეს ადგილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენ გვაქვს განუხრელი გეზი ევროატლანტიკური მიმართულებით და ქორწინების თემა ამ მხრივ კითხვის ნიშნების დასასმელად არავინ უნდა გამოიყენოს. ასევე მთავარია, ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა იმ ტრადიციას ემყარება, რაც ქვეყანას გააჩნია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.
ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება. ამის შესახებ გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.