ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული კანონმდებლობით უკვე დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
”რაც შეეხება ამ კონკრეტულ წინადადებას, რომელიც შემოსულია რეფენდუმთან დაკავშირებით. მასში წარმოდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ამავე დროს, კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფენდუმით მიღებას. ”შესაბამისად, თუ არსებობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნას კონსტიტუციური ცვლილება, ასეთ შემთხვევაში, მე სრულიად ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტის აზრით, დღევანდელ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება ოკუპანტ რუსეთს დამატებით სამართლებრივ არგუმენტს მისცემს.
”მე დიდ პატივს ვცემ რეფერენდუმს, როგორც პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების მნიშვნელოვან ფორმას. ვთვლი, რომ რეფერენდუმი, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტი, იძლევა საშუალებას, პოლიტიკოსებს გაგვაგონოს ხალხის ხმა. უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას გულისხმობს რეფერენდუმის კანონი. კანონში გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს”, - განმარტა პრეზიდენტმა.