ახალი ომი თუ რაღაც სხვა?

ახალი ომი თუ რაღაც სხვა?

2008 წელს სამაჩაბლოში მომხდარი ომის შემდეგ, ორ წელიწადზე მეტი გავიდა. ამ დროის მანძილზე, სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაახლოებით 8 მილიარდ მანეთამდე თანხა გადაურიცხა, თუმცა რაც ოკუპირებულ რეგიონში რეალურად გაკეთდა, ეს არის: ცხინვალის სამ შიდა ქუჩაზე ასფალტის დაგება, 3 სამხედრო ბაზის აშენება და სოფელ თამარაშენის ნასახლარზე რუსულ დასახლება “მასკოვსკაიას“ აშენება, სადაც რუსი ოფიცრების ოჯახებს ეტაპობრივად აბინავებენ.

ევროკავშირისა და აშშ–ს ფინანსური დახმარებით, ომის შემდეგ ოკუპაციას გადარჩენილ, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფლებზე ბევრი რამ მართლაც გაკეთდა, თუმცა რეგიონის უმთავრესი პრობლემა – წყლით მომარაგების საკითხი კვლავ მოუგვარებელია. მძიმე სოციალურ ფონს, თან ახლავს მუდმივი შიში, რომელშიც ადგილობრივები 20 წელია ცხოვრობენ. ჩვენთან საუბარში მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ ის, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება მშვიდობას ეძახის, რეალურ ომზე ბევრად უფრო უარესია და სეპარატისტებისა და ოკუპანტების მუდმივი თარეშის ატანას, მათ ურჩევნიათ, რომ ისევ იომონ, ოღონდ იომონ ჭეშმარიტად სამამულო ომში, სადაც ხელისუფლებაცა და ხალხიც ერთ აზრზე იქნება და ომის დროს ადგილი არ ექნება ისეთ შემთხვევებს, რაც ორი წლის წინ მოხდა.

თემურ კაკალაშვილი. სამაჩაბლოს მკვიდრი. “ომი რა უბედურებაც არის, ეს ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, მაგრამ მითხარით ერთი, რა ფასი აქვს ასეთ ვითომ მშვიდობას? ახლა რუსები ჩვენებს ხელის მოწერას აძალებენ საბუთზე, სადაც პირობა უნდა დავდოთ, რომ ოსებისაკენ არასოდეს გავისვრით. ამ ხელშეკრულების დადებას ხალხი არ აპატიებს ჩვენს მთავრობას. განა იმიტომ, რომ ოსების ხოცვა გვაქვს გადაწყვეტილი. მტერი რომ 100–ჯერ გესვრის, შენ ერთი სროლის უფლება როგორ არ უნდა დაიტოვო? მართლა და მართლა, ჩვენც ხომ გვაქვს თავმოყვარეობა...

ომამდე, ჩვენს სოფელში გერმანელი ჟურნალისტი იყო ჩამოსული, რომელიც ყველას გვარწმუნებდა, რუსეთი აშკარა ომზე არ წამოვა და ომში გამარჯვების შანსი ქართველებს უფრო მეტი გაქვთო... რა ვიცი ასე დაჯერებით რატომ გვიმტკიცებდა ამ ყველაფერს, მაგრამ რატომღაც მართალი მეგონა ის გერმანელი ბიჭი. ის იყო წაქეზება და მეტი არაფერი. გერმანელებმაც კარგად იცოდნენ, რისი მაქნისი იყო ჩვენი მთავრობა. თუ რამეა, ჩვენ ყველამ ჩვენ–ჩვენი საომარიც უნდა ვიომოთ და საქმეც თვითონ უნდა გავაკეთოთ. მთავრობაზე ხელი კარგა ხანია ჩაქნეული გვაქვს“

ჩვენს ეპოქაში ხშირად ავლებენ პარალელებს 1921 წლის მოვლენებთან. მსგავსება მაშინდელ სიტუაციასთან მართლაც რომ აშკარაა. იმის გარდა რომ, ქვეყნისათვის საფრთხე მაშინაც ჩრდილოეთიდან მოდიოდა და  რუსეთს საქართველოს ოკუპაციაში ქართველები უწყობდნენ ხელს, მსგავსება ძალიან დიდია მაშინდელ და ახლანდელ პოლიტიკურ სიტუაციას შორის. ქართველი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მხრიდან კვლავ ვერ ხდება ქვეყანაში შექმნილი ვითარების რეალური აღქმა.

რუსეთის მხრიდან საქართველოს ახლანდელი ოკუპაციის სცენარიც ზუსტად ისეთივეა, როგორიც 1921 წელს იყო. მაშინ საბჭოეთის ძალები საქართველოს ოკუპაციისთვის საბაბად ხელისუფლებისგან ”ჩაგრული” მოსახლეობისა და პროლეტარიატის გათავისუფლებას იყენებდა. დღესაც ხშირად ისმის რუსეთიდან საუბრები და მინიშნებები იმაზე, რომ თითქოს საქართველოს მთავრობისგან დაჩაგრულ მოქალაქეებს დახმარება ესაჭიროებათ.

გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: “პირველი რესპუბლიკის მთავრობას ბოლომდე სჯეროდა, რომ რუსეთი საქართველოს ომს არ დაუწყებდა და ორი ქვეყანა კეთილ მეზობლური ურთიერთობას შეინარჩუნებდა. ძნელი სათქმელია, თუ რა აძლევდა ჟორდანიას და მის თანამოაზრეებს ასეთი ვარაუდის საფუძველს; სოციალ-დემოკრატების ასეთი მიდგომა მაშინ საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდა.

თუმცა, საქართველოში როგორც ჩანს, არათუ სხვის, არამედ საკუთარ ისტორიულ შეცდომებზეც ვერ სწავლობენ. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე 2008 წლის აგვისტოში. რუსეთ-საქართველოს 4 დღიანი ომის დამთავრების შემდეგ, ქვეყნის ხელისუფალნი ამბობდნენ, რომ ისინი არ ელოდნენ რუსეთის მსგავს ქმედებას და მასირებული შეტევა ჩრდილოეთიდან ნამდვილი სიურპრიზი იყო. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობა დაჟინებით ამტკიცებდა იმას, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარები საქართველოში ომამდე რამდენიმე დღით ადრე შემოვიდა.

2008 წლის 3 აგვისტოს, ედუარდ კოკოითმა ცხინვალის ევაკუაცია გამოაცხადა და მოსახლეობა რუსეთის საზღვართან ახლოს გახიზნა. ისტორიული პრეცედენტები, კონფლიქტური ზონიდან მომავალი სიგნალები და როგორც შემდეგში გაირკვა დასავლური დაზვერვის ცნობებიც, საქართველოს ხელისუფლებას საკმაო ინფორმაციას აძლევდა რუსეთის გეგმების შესახებ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველო პროვოკაციაზე წამოეგო და მტერს ხელ-ფეხი გაუხსნა. რა იყო ამის მიზეზი? მიამიტური და არაპრაგმატული მიდგომა საკითხისადმი თუ არაპროფესინალიზმი? როგორც ირკვევა საქართველოს სამხედრო დოქტრინაში რუსეთი, როგორც საფრთხე და როგორც მტერი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და იქიდან წამოსულ სამხედრო ძალას საქართველო ფაქტობრივად მოუმზადებელი შეხვდა“

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების, რუსეთის ფედერაციში შემავალი ჩრდილო–კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისათვის, სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, ვერ ვიტყვით, რომ ჩრდილოკავკასიის მოსახლეობა დიდი სიხარულით შეხვდა, თუმცა რამდენიმე ადამიანმა მართლაც შეძლო საქართველოში ჩამოსვლა და ქართველი თუ ოსი ახლობლების და ნათესავების მონახულება. ერთ–ერთი ასეთი ადამიანია, ევგენი ფედოევი, რომელიც საქართველოშია დაბადებულ–გაზრდილი, მაგრამ დღეს ვლადიკავკაზში ცხოვრობს.

ევგენი ფედოევი: “ჩემს მშობლიურ სოფელში ჩასვლას მხოლოდ ზაფხულობით ვახერხებ. ჩვენს ძველ სახლში მარტო მამაჩემიღა ცხოვრობს და მის მოსანახულებლად ჩამოვდივარ შვილებთან ერთად. 10 წელიწადია ვლადიკავკაზში ვცხოვრობ და ბოლო წლებში სოფელში გადმოსვლა თანდათან უფრო სახიფათო ხდება. რამდენიმე დღის წინ რუსებმა მთელი ღამე არ გადაგვიშვეს, ამბობდნენ რაღაც ოპერაციას ვატარებთ და თქვენი შესვლა არ შეიძლებაო.

მხოლოდ დილით მოგვცეს გადასვლის უფლება და ისიც მას მერე, რაც კარგად გაგავჩხრიკეს. ადრე ოსებს გადასვლის პრობლემა არ გვქონდა, მაგრამ ახლა სიტუაცია ისეთი დაძაბულია ჩვენი გაჩერება და გაჩხრეკვებიც დაიწყეს. შარშან ჩემს ძმას სოფელ როკასთან მანქანა წაართვეს ვიღაც ნიღბიანებმა. ჩემმა ძმამ ეს ამბავი ყველას გააგებინა, ოსებსაც და რუსებსაც, მაგრამ არავინ თავი არ შეიწუხა მანქანის მოძებნით. აქ საერთოდ არ ჩამოვიდოდი მამაჩემი, რომ არ მეცოდებოდეს, კაცი ბავშვობიდან აქაა გაზრდილი უკვე 87 წლისაა და არაფრით არ მოგვყვება ვლადიკავკაზში. ასე ამბობს, ომი თუ იქნება, მე რა მოსაკლავი ვარ, ისედაც რამდენიმე წლის სიცოცხლე მაქვს დარჩენილიო. ჩემს მშობლიურ სოფელში სულ მოხუცები არიან დარჩენილები, ახალგაზრდები რუსეთში გადაიხვეწნენ, არავის არ უნდა ამ გაჭირვებაში დარჩენა“