წარსულს ჩავაბარეთ პერიოდი, როცა ერთი პიროვნება იყო ყველაფრის ბატონ-პატრონი, ჯიბეში ედო პარლამენტიც, საკონსტიტუციო სასამართლოც, პოლიციაც და ჯარიც, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძე აღნიშნული განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით და ასევე პროკურატურის განცხადებას, რომელმაც ყველა მოსამართლე და მათ შორის გიორგი პაპუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
”პაპუაშვილის განცხადებები აშკარად პოლიტიკურ ჭრილშია გადაზრდილი და ეს სრულიად გაუგებარია. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გარკვეულწილად დააკავშიროს პროკურატურასთან, თითქოს ჩვენ გვაქვს რაიმე ზეგავლენა. ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩავაბარეთ, როდესაც ერთი პიროვნება იყო ყველაფრის ბატონ-პატრონი, ჯიბეში ედო პარლამენტიც, საკონსტიტუციო სასამართლოც, პოლიციაც და ჯარიც”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ხდება კონკრეტული სამსახურების დისკრედიტაცია.
”მათ უნდა შეიგრძნონ არსებული რეალობა, ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საქართველოს, სადაც თავისუფალი მოქალაქეები იცხოვრებენ და რომ ქვეყანა დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე”, - დასძინა კალაძემ.