ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის შეფასებით, NDI-ის კვლევები ხშირად არ ასახავს რეალობას. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მას აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება აქვს.
”NDI-ის კვლევებს რაც შეეხება, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ კვლევებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რადგან მათ მიერ გასაჯაროებული კვლევები ხშირად არ ასახავს რეალობას. სულ სხვა შედეგი დგებოდა, როგორც არჩევნების, ასევე ზოგადად. თვითონ პრობლემებს რაც შეეხება, სიახლე არ არის ის, რომ უმუშევრობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ქვეყანაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და ყველაზე მეტი ინფორმაცია, ასე რომ ვთქვათ, მოდის ხალხისგან. ყველა შეხვედრაზე დაგვყვებით, თქვენ ხედავთ, როგორი ხალხმრავალია შეხვედრები. ხალხთან კომუნიკაცია ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემები მოსახლეობას აწუხებს”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით დაახლოებით 70 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
”თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. საჭიროა, დაახლოებით 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ იმ გზით, იმ სწორი რეფორმებით, რომელიც განხორციელდა ეკონომიკაში, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.
NDI-მ კვლევის პრეზენტაცია დღეს გამართა, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.
ანგარიშის მიხედვით, დასაქმებულად თავს გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, ხოლო 63% დაუსაქმებლად.
„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.