თუკი პაპუაშვილი პროკურატურას ჩვენებას არ მისცემს, გამოძიებამ უნდა იწინასწარმეტყველოს თუ უნდა იმკითხაოს?

თუკი პაპუაშვილი პროკურატურას ჩვენებას არ მისცემს, გამოძიებამ უნდა იწინასწარმეტყველოს თუ უნდა იმკითხაოს?

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით უცნაური და უხერხული სურათი შეიქმნა.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი ზეწოლის ბრალდებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პროკურატურას ჩვენებას არ მისცემს, “გაუგებარია, გამოძიებამ უნდა იწინასწარმეტყველოს თუ უნდა იმკითხაოს“.

“როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ერთი მხრივ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლას აქვს ადგილი, ხოლო მეორე მხრივ, ამბობს, რომ ის მთავარ პროკურატურაში არ მივა, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური შეხვედრები არ გაიმართება, ძალიან უხერხულია. როცა ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც თავად უნდა იყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემის მაგალითი, პოზიციას ასეთი ფორმით გამოხატავენ, ბუნებრივია, ეს ზრდის კითხვებს. როგორ უნდა მოხდეს საქმის გამოძიება, თუკი პროკურატურაში არ მივიდა მოსამართლე თუ სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც აკეთებს განაცხადებას, რომ ხდება ზეწოლა. მთავარმა საგამოძიებო ორგანომ უნდა გაიგოს რა ტიპის ზეწოლა ხდება, ვისზე ხდება და ვისი მხრიდან ხდება - ეს ხდება ბრიუსელიდან, საქართველოდან, ოდესიდან თუ სხვა ადგილიდან. თუ ამ საქმეზე კონკრეტულმა პირებმა - თავად გიორგი პაპუაშვილმა და იმ მოსამართლეებმა არ ისაუბრეს, ვისაც პაპუაშვილი გულისხმობს, არ ვიცი, გამოძიებამ უნდა იწინასწარმეტყველოს თუ უნდა იმკითხაოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.