მეტი კონსოლიდაციაა საჭირო საზოგადოებაში, ნაკლები მტრობა და მეტი ატანა

მეტი კონსოლიდაციაა საჭირო საზოგადოებაში, ნაკლები მტრობა და მეტი ატანა

უნდა დავამთავრობთ კონფრონტაცია, ერთმანეთის ჭამა, შუღლი და საზოგადოების პოლარიზაცია, სადაც ყველა ერთმანეთის მტერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი წარუდგინა.

”ჩვენ გვჭირდება მეტი მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში, ამიტომ საჭიროა, დავამშვიდოთ ჩვენი საზოგადოება, დავამთავრობთ კონფრონტაცია, ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთისადმი შუღლი, საზოგადოების პოლარიზაცია, სადაც ყველა ერთმანეთის მტერია. ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება და მაქსიმალურად უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის განვითარების სწორი გეგმების გარშემო. მეტი კონსოლიდაციაა საჭირო საზოგადოებაში, ნაკლები მტრობა და მეტი ატანა განსხვავებული აზრის. ამ კონცეფციის და მსოფლმხედველობის გარშემო გვინდა გავაერთიანოთ საზოგადოება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ”ქართული ოცნება” არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ამის უნარი შესწევს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როგორც ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობაში, ისე სამეზობლოში, იმისათვის, რათა გამორიცხულიყო თეორიული შანსიც კი, რომ რაიმე შეიარაღებული კონფლიქტი განახლდეს.

”ამიტომ ვფიქრობთ, რომ ”ქართულ ოცნებას” სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ ის გახდეს ამინდის შემქმნელი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში”, - აღნიშნა პრემიერმა.