კვლევებთან დაკავშირებით საკმაოდ საფუძვლიანი, სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ”ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.
პრემიერის თქმით, მას გამოკითხვის შედეგები არ უნახავს, თუმცა თავისი დამოკიდებულება აქვს.
”წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში რეალობას, ამიტომ, ჩვენთვის მთავარია მოთმინებით დაველოდოთ არჩევნებს, მშვიდობიანად ჩავატაროთ წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომში, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, რა არის მათთვის პრიორიტეტი, რომელი ჯგუფი და გუნდია მათთვის მისაღები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი უალტერნატივოდ გაიმარჯვებს, დიდი უპირატესობით”, - აღნიშნა პრემიერმა.
დღეს ”ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში წარმოდგენილია ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, მედიასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები.