გამოცემა Newsweek-ი პაატა ბურჭულაძეს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც საუბარია არამხოლოდ მის კარიერულ მიღწევებსა და საქველმოქმედო საქმიანობაზე, არამედ პოლიტიკურ გეგმებზეც.
სტატიის ავტორი დემიენ შარკოვი მოსაზრებას გამოთქვამს, რომ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პაატა ბურჭულაძეს წამყვანი როლის თამაში შეუძლია.
„მაშინ როცა მმართველი „ქართული ოცნება“ და მემარჯვენე ცენტრისტული ოპოზიცია გამოკითხვებით მოიკოჭლებენ, ქართველები ახალ ლიდერებს ეძებენ. ბევრს მიაჩნია, რომ ასეთი სწორედ ბურჭულაძეა“, - წერს ავტორი.
"ვერც ხელოვნება და ვერც პოლიტიკა ვერ იტანს ტყუილს. თუ გულწრფელი ხარ, არ იტყუები და ხალხს გულის სიღრმიდან ესაუბრები, ხალხიც შესაბამისად რეაგირებს”, - აცხადებს ბურჭულაძე Newsweek-თან ინტერვიუში.
Newsweek-ი აღნიშნავს, რომ პაატა ბურჭულაძე კვლავაც არის წარმოდგენილი ლონდონის სამეფო ოპერის "დონ კარლოსის" მთავარ როლში მომავალ წელს. თუმცა მას იმედი აქვს, რომ მისი შემცვლელი კარგადაა მომზადებული, რადგანაც ბურჭულაძე პოლიტიკაში დარჩენას დიდხანს აპირებს.
"მე შევაჩერე წარმატებული საოპერო კარიერა. მირჩევდნენ, რომ არ შევსულიყავი პოლიტიკაში, მეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკა არ არის სუფთა და კარგი ადამიანებისთვის, ეს ბინძური საქმეა, მაგრამ მე ამას ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და საქართველოსთვის ვაკეთებ და მინდა, რომ პოლიტიკა პატიოსანი და კარგი ადამიანების საქმედ ვაქციო. 25 წელია ქართველი ხალხი სახელმწიფოსა და მთავრობას ემსახურება. მე მსურს, რომ პირიქით იყოს. ჩვენი მიზანია სახელმწიფო ემსახუროს ხალხს", - აცხადებს პაატა ბურჭულაძე Newsweek-თან საუბარში.