„რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ იმაზე მეტი მოლოდინია, ვიდრე მას რეალურად შეუძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო არ იხილავს კონკრეტული დავის ფაქტობრივ გარემოებებს.
„ის იხილავს მხოლოდ და მხოლოდ ნორმის კონსტიტუციურობას, შესაბამისად, „რუსთავი 2“-ის მიერ შემოტანილი სარჩელი ეხება არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს. მესმის რომ ეს „რუსთავი 2“-თან არის რაფინირებული, მაგრამ სტანდრატი რომელიც დაიდება ამ საქმეზე, ეს სტანდარტი უნდა იყოს გამოყენებადი, როგორც სხვა მედიასაშულებების მიმართ, ასევე ნებისმიერი სხვა სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე პირის მიმართ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ძალიან დეტალურად შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დროულად უნდა გადაწყდეს შესაბამისი საქმე. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსტიტუციურ ვადებში, არა იმ ვადაში, რომელზეც „რუსთავი 2“ შეიძლება აპელირებდეს. სასამართლოს თავის საქმიანობის უფლებამოსილების განხორციელებისთვის ამ შემადგენლობით ვადა დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 30 სექტემბრამდე. შესაბამისად, ვადა არაგონივრული ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება, მაგრამ ზედმეტი აჩქარება შეიძლება საქმისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს“, - განაცხადა ფაფიაშვილმა.