თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ამის შესახებ ნათქვამია დიმიტრი მოსულიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
დიმიტრი მოსულიშვილი მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ელისაშვილს მისი მისამართით საჯაროდ ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებების გააკეთებაში ადანაშაულებს.
„გაცნობებთ, რომ მე მივმართე თბილისის მერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რადგან გადავწყვიტე, როგორც არქიტექტორმა მეტი დრო დავუთმო ჩემ პროფესიულ საქმიანობას და მუშაობა კერძო სექტორში გავაგრძელო.
მიმაჩნია, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში არქიტექტურის სამსახურის მიერ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ქალაქს და ხელს შეუწყობს მის შემდგომ განვითარებას. დაიწყო და დღეისათვის აქტიურ ფაზაშია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესი. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში შეიზღუდა ინტენსივობის კოიფიციენტის მომატების პრაქტიკა და დარეგულირდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.
აქვე გაცნობებთ, რომ ამა წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიტანე სარჩელი თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც ჩემი მისამართით საჯაროდ ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა.
სარჩელი ასევე ჩაბარდა ბატონ ელისაშვილს, როგორც პროცესის მოპასუხე მხარეს. იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მიერ მალე დადგინდება სიმართლე და ელისაშვილს მოუწევს მის მიერ გამოთქმული სიცრუისა და ცილისწამების უარყოფა“, - ნათქვამია მოსულიშვილის განცხადებაში.
დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილსა და იმ პერიოდში თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროს დიმიტრი მოსულიშვილს შორის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ელისაშვილმა მოსულიშვილს მექრთამე, ნაძირალა და არაკაცი უწოდა. ელისაშვილმა მოსულიშვილი საბურთალოს რაიონში, კერძოდ, ნუცუბიძის ქ.26-ში გაცემული საამშენებლო ნებართვის გამო დაადანაშაულა.
ნუცუბიძის ქ.26-ის მიმდებარედ ხეების გაჩეხვისა და იქ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა მოსახლეობამ რამდენჯერმე აქციაზე გააპროტესტა, რომელსაც მხარს ალექსანდრე ელისაშვილი უჭერდა.