მე არ ვთვლი, რომ პრეზიდენტი ჭორაობს, - ასე უპასუხა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა კითხვას იმის თაობაზე, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს მსგავსად, ისიც მიიჩნევს თუ არა, რომ პრეზიდენტი მისი ოჯახის წევრისადმი განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჭორაობს.
„ნამდვილად არ ვიცი, რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი. ასეთი ტიპის განცხადება შემდგომში ყოველთვის არის გამოძიების დაწყების საფუძველი და როგორც ვიცი, პროკურატურაში ამ საკითხზეც დაიწყო გამოძიება“, - განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებაშიც პრეზიდენტს ვიცე-პრემიერისადმი კითხვები აქვს, გამოძიება ასევე მიმდინარეობს და რამდენიმე პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
„საქმის კონკრეტული დეტალები ნამდვილად არ ვიცი და ვერც მეცოდინება. იცით, რომ მეორე მხრიდანაც არიან დაზარალებეულები. ამ გამოძიების ფარგლებში ყველაფერი გაირკვევა. როგორც ვიცი, გამოძიების ფარგლებში ამ საკითხზეც მუშაობს პროკურატურა“, - განაცხადა კახიშვილმა.