პრემიერმა შს მინისტრს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვითარების „სასწრაფოდ გარკვევა“ დაავალა

პრემიერმა შს მინისტრს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვითარების „სასწრაფოდ გარკვევა“ დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის წინადადებას იღებს და მასთან შეხვედრისთვის მზად არის.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, პრეზიდენტთან კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა აქვს.

„რა თქმა უნდა, შევხვდები პრეზიდენტს. მე მასთან ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა მაქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ქვეყნის პირველი პირის უშუალოდ იმ განცხადებას, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე სამართალდამცველების მონაწილეობით ზეწოლის განხორციელებას ჰქონდა ადგილი, მთავრობის მეთაურის თქმით, შანტაჟს და აღნიშნულ საკითხში პოლიტიკურ კომპონენტს გამორიცხავს, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრს ვითარების გარკვევის დავალება მაინც მისცა.

”მე მქონდა პრეზიდენტთან საუბარი ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ. მაშინვე დავავალე შს მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ეს საკითხი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შანტაჟი და პოლიტიკური ზეწოლა. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, მაგრამ გამოვრიცხავ პოლიტიკურ კომპონენტს. მე ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე, მეც, პრეზიდენტმაც და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცველებს. კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.