გერმანიაში მცხოვრები თურქები თავიანთ შვილებს გერმანულ სკოლებში დაჩაგრულად და გარიყულად თვლიან. ამიტომ ისინი აარსებენ კერძო დაწესებულებებს, როგორიცაა მაგალითად, ბავარიაში იეთინგენის კერძო სკოლა. ეს გოგონათა ინტერნატია.
თუ 12 წლის აისი სკოლაში თურქულად დაილაპარაკებს, 50 ცენტი ჯარიმა უნდა გადაიხადოს. მას ან მის თანაკლასელებს მშობლიურ ენაზე ერთი წინადადება ან ერთი სტყვაც რომ წამოცდეთ, მათი ჯიბის ფული სკოლის სალაროში გადაინაცვლებს, რადგან იეთინგენის კერძო სკოლაში მოსწავლეებმა გაკვეთილზეც და სკოლის ეზოშიც მხოლოდ გერმანულ ენაზე უნდა ისაუბრონ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ყოველი მათგანი თურქულ ოჯახში გაიზარდა.
შარშან, თურქულ დამფინანსებელ ორგანიზაციათა კავშირმა ბავარიის იეთინგენში გოგონათა ინტერნატი დააარსა. ხუთსართულიანი, ნაცრისფერი სკოლის შენობა, რომელიც ადრე სასტუმრო იყო, იეთინგენის განაპირას, ავტობანის აღმართზე მდებარეობს. მას მცირე ტერიტორია უკავია. ამ სასკოლო კომპლექსში განთავსებულია ორი გიმნაზია და ორი სკოლა (Realschule), სადაც სულ 67 გოგონა სწავლობს და თითქმის ყველას მშობლები თურქებია. სკოლის დამაარსებელთა მიზანია, ამ გოგონებს გზა გაუხსნან უკეთესი მომავლისკენ. “ჩვენთან ისინი იმას მიიღებენ, რაც ჩვეულებრივ გერმანულ სკოლაში (Realschule) მათთვის მიუღწეველი იქნებოდა”, აცხადებს სკოლის ხელმძღვანელი მეჰმეთ პეკინცი. ამაში ის ყურადღებას და წარმატებისთვის სტიმულს გულისხმობს.
გასულ სასწავლო წელს თითქმის ვერცერთმა თურქმა მოსწავლემ ვერ მიაღწია წარმატებას. თურქი მოსწავლეების მხოლოდ 8 პროცენტი გადადის გიმნაზიაში, 30 პროცენტი კი სკოლას ატესტატის გარეშე ტოვებს.
თურქული სკოლების რიცხვი იზრდება
თურქებს ამ ფაქტთან შეგუება არ უნდათ. მათ სულაც არ მოსწონთ, რომ მათ შვილებს საშუალო სკოლებში (Hauptschule) და არა გიმნაზიებში უწევთ წასვლა, მხოლოდ იმიტომ რომ გერმანელი მასწავლებლები მათ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არ არიან. რადგან თურქი მოშობლები თავიანთ შვილებს გერმანული სკოლის სისტემაში გარიყულად და დაჩაგრულად მიიჩნევენ, მათ (ვისაც საშუალება და სურვილი აქვს) შვილები კერძო სკოლებში მიჰყავთ ან სკოლებს თვითონვე აარსებენ. ბოლო წლებში კიოლნში, ჰამბურგში, პადერბორნში თუ ბერლინში ძალიან ბევრი თურქული სკოლა გაიხსნა და მათი რიცხვი იზრდება.
“ამ მიმართულებით მონდომება სულ უფრო მატულობს, – ამტკიცებს დუისბერგ-ესენის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი განათლების დარგში ჰაცი ჰალილ უსლუკანი - თურქი მშობლები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას მათი შვილების წარმატებული მომავლისთვის და ამისთვის მაღალი გადასახადის გადახდაზეც თანახმანი არიან”.
იეთინგენის ინტერნატში ერთი თვის სწავლის საფასური 600 ევროა. ბერლინში მშობლები თურქულ-გერმანულ კერძო გიმნაზიაში 350 ევროს იხდიან. ამ სკოლის კოორდინატორი იცნობს მშობლებს, რომლებიც უფრო პატარა ბინაში გადადიან იმისთვის, რომ დაზოგილი თანხით სწავლის ფული გადაიხადონ. გავრცელებული მოსზრება, თითქოს ემიგრანტებს სწავლა არ აინტერესებთ, არასწორი, “რეალობა სხვაგვარია. ბავშვებს ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ”, – აცხადებს ფსიქოლოგი.
სწავლება ბავარიული სკოლის პროგრამით
დაწყებითი სკოლის მასწავლებლების აზრით, აისს საჯარო სკოლაში უნდა ესწავლა (Realschule) (5-9კლასი), მაგრამ მისმა მშობლებმა ის კერძო სკოლაში მიიყვანეს, რადგან მიაჩნიათ, რომ გოგონა მეტს იმსახურებს. “ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ იქ ბავშვებს მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე სახელმწიფო სკოლებში”, – ამბობს აისის მამა, ფიკრი აკიცი. დღეს მისი ქალიშვილი გიმნაზიის მოსწავლეა.
იქ სწორედ ისე ასწავლიან, როგორც სახელმწიფო სკოლებში. მასწავლებლები ბავარიული სკოლის პროგრამის მიხედვით ასწავლიან. სწავლების ენა გერმანულია და ისლამის ნაცვლად ეთიკა ისწავლება. “ერთ წელიწადში ჩვენი მოსწავლეები კარიერას გაიკეთებენ”, – დარწმუნებულია მეჰმეთ პეკინცი.
იეთინგენის ინტერნატში არც ერთ გერმანელ მოსწავლე გოგონას არ სურს სწავლა. თუმცა ინტერნატის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ყველას სიხარულით მიიღებს. მათ არც ენის ბარიერი ექნებათ, რადგანაც ამაზე ჯარიმების სალარო იზრუნებს. გასულ წელს ჯარიმების სახით სალაროში მხოლოდ 20 ევრო შევიდა. დარჩენილი ჯიბის ფულით კი გოგონებმა ნაყინი შეიძინეს.
[foreignpress.ge]