2016 წლის 5-6 ივლისს ქალაქ მინსკში გაიმართა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის I სხდომა, რომელიც ორი ქვეყნის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითად მიზანს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, მათ შორის ექსპორტის ზრდა და ერთობლივი საწარმოების განვითარება წარმოადგენს.
საქართველოს მხრიდან სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ბელარუსის მხრიდან მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ოგოროდნიკოვი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში დავით კოტარია, ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მიხეილ მიატლიკოვი, ბელარუსის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროების წარმომადგენლები და კომპანიების ხელმძღვანელი პირები.
სხდომის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს არსებული მდგომარეობა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მიმართულებით, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზები, ასევე არსებული მდგომარეობა სამრეწველო, მათ შორის აგროსამრეწველო, კვების მრეწველობის, ფარმაცევტიკის მიმართულებით და თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხები.
იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსს გააჩნია მსხვილი საკონდიტრო საწარმოები, სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული საწარმოებისთვის საქართველოდან ისეთი სახის ადგილობრივი ნედლეულის მიწოდების შესაძლებლობა, როგორიცაა: თხილი, კაკალი, კენკროვანი და სხვა სახის ხილი და ა.შ. მხარეებმა ასევე განიხილეს ტერიტორიაზე ქართული და ბელარუსული სამკურნალო საშუალებების ასორტიმენტის გაფართოებისა და საექსპორტო მოცულობების გაზრდის საკითხი.
სხდომის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მ/წლის 1-4 სექტემბერს თბილისში დაგეგმილი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული გამოფენის საორგანიზაციო საკითხებსა და მისი მნიშვნელობის შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება ბელარუსში წარმოებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და გაიმართება კომპანიებს შორის შეხვედრები.
შეხვედრაზე გადაწყდა ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომის გამართვა, რომელსაც ორივე ქვეყნიდან ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ.