ვარშავაში ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს

ვარშავაში ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს

ვარშავაში ნატო-ს სამიტი დაიწყო - ამ წუთებში მიმდინარეობს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომლის შემდეგაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პრესკონფერენციას გამართავს.

სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში 4 ბატალიონის განლაგების გეგმის დამტკიცება იქნება.

ალიანსის 28 წევრი ქვეყანა და მონტენეგრო, რომელიც ჯერჯერობით დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს, იმსჯელებენ ნატო-ს შეკავებისა და უსაფრთხოების სტრატეგიის გაძლიერებაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემაზე, კიბერ საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე, მიგრაციულ კრიზისზე, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან.

სამიტის ძირითადი ღონისძიებები ვარშავის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, გარდა ამისა პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდება რიგი შეხვედრა უცხოელ დელეგატებთან.

ვარშავის სამიტს 18 პრეზიდენტი, 21 პრემიერ-მინისტრი, 41 საგარეო და 39 თავდაცვის მინისტრი ესწრება. მასში ასევე მონაწილეობენ გაერო-ს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

სამიტის მონაწილეთა უსაფრთხოებას 6 ათასამდე სამართალდამცველი უზრუნველყოფს.