სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იუსტიციის სამინისტროს მისი პარტიის რეგისტრაციის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ 8 ივნისს შეიტანეს განაცხადი სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სადაც ყველა საჭირო საბუთი და დოკუმენტაცია წარადგინეს, დღეს კი საბოლოოდ ამოიწურა რეგისტრაციის ვადა.
„როგორც ხელისუფლებას სჩვევია, სრულიად უსუსურად, არანაირ პასუხს არ გვეუბნებიან ჩვენი რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად აბსურდული მიზეზებით შეაჩერეს რეგისტრაციის პროცედურა და დამატებითი ხელმოწერების წარდგენა მოგვთხოვეს, ჩვენ აბსოლუტურად კონსტრუქციულად მივიტანეთ იმაზე მეტი ხელმოწრები, ვიდრე მათ მოგვთხოვეს (710 ხელმოწერა 370-ის ნაცვლად), დღეს ჩვენი წარმომადგენლები დგანან იუსტიციის სახლში და ვერანაირ პასუხს ვერ იღებენ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის შემთხვევაში, რომელმაც შეიტანა რეგისტრაციაზე განაცხადი, ხარვეზის შემთხვევაშიც კი ერთთვიან ვადაზე გადაჭარბება არ მომხდარა. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ განხორციელდეს პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ორშაბათს დილიდან საგანგებო რეჟიმზე გადავალთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებული კონკრეტული ღონისძიებები გიორგი ვაშაძეს არ დაუანონსებია, თუმცა აღნიშნა, ეს მათ შორის, აქციებს მოიცავს. „მართლა სასაცილოა, როდესაც ასეთი ელემენტარული საკითხებით ხდება საარჩევნო გარემოში პრობლემების შექმნა“, - განაცხადა ვაშაძემ.