ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პასუხი ნაციონალურ მოძრაობას

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პასუხი ნაციონალურ მოძრაობას

2016 წლის 06 ივლისს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამართეს ბრიფინგი, რომელზეც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ბატონი ოთარ სირაძე ჩვეული ტყუილითა და ცინიზმით საუბრობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტებზე და არგუმენტად მოჰყავდა სახელმწიფო აუდიტის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგები.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხორიელებული სამუშაოების შესწავლის მიზნით, აუდიტის სამსახური მოწვეულ იქნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (წერილი N60. 22.10.2015წ) და არა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა რომელიმე ოპოზიციური ძალის მიერ.

გვინდა განვმარტოთ, რომ 2014 წლის 15 ივლისისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს არანაირი პირადი სატრანსპორტო საშუალება არ გააჩნდა. ავტომობილი, რომელზეც ხელშეკრულება გაფორმდა ეკუთვნოდა არა ბატონ ერასტი მეტრეველს, არამედ სხვა ფიზიკურ პირს. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადახდილი თანხა მოხმარდა ავტომობილის ტექნიკურ გამართვას. ხელშეკრულება, საკრებულოსათვის ავტომობილის შეძენისთანავე, დაუყოვნებლივ შეწყდა. თავმჯდომარის მოადგილის ავტომობილისათვის, კი გაიცემოდა მხოლოდ საწვავი.

რაც შეეხება 2014 წლის 24 აგვისტოს შედეგების სტიქიის შედეგად დაზიანებული სასოფლო გზების, ხიდების, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების საპროექტო და სარეაბილიტაციო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას კომპანიასთან- ,,მშენებელი 2006“, საყურადღებოა, რომ კომპანია შეარჩია და შესაბამისი წინადადებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებელმა. საკითხის განხილვის პროცესში კომპანიის წარმომადგენელი, ზეზვა ჩანქსელიანი მოწვეულ იქნა საკრებულოს სხდომაზე. სადაც, ხანგრძლივი კითხვა- პასუხის შემდეგ, მან კომპანია „მშენებელი 2006“ წარმოაჩინა, როგორც კომპეტენტური, სანდო, რომელსაც შესრულებული ჰქონდა არაერთი მსგავსი სამუშაო და ხაზი გაუსვა, რომ შესათანხმებელი ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა შესრულებულ სამუშაოებზე 3 წლიანი გარანტია, მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა თანხმობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაზე.

დასკვნა, რომელზეც ოთარ სირაძე საუბრობდა არის შუალედური, ამის შემდეგ 2016 წლის 1 ივლისს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოეწყო 2016 წლის 14 ივნისს დამტკიცებული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის N35/36 ანგარიშის საჯარო განხილვა. აღნიშნული ანგარიში სარეკომენდაციო ხასიათისაა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი რეკომენდაციის შესაბამისად ატარებს ღონისძიებებს.