ვარშავის სამიტის დაწყებამდე ნატო-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია მიიღეს, რომელიც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მომავალი „ჰიბრიდული საფრთხეებისთვის“ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.
„დღეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას საქმე აქვს უპრეცედენტო გამოწვეებთან სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.
დეკლარაციის თანახმად, ჰიბრიდული საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ევროკავშირი და ნატო გააძლიერებენ თანამშრომლობას ინფორმაციის გაცვლის კუთხით, მოახდენენ ერთობლივი ქმედებების კოორდინირებას კიბერუსაფრთხოების სფეროში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაში და სხვა საკითხებში.
გარდა ამისა, ევროკავშირი და ნატო ჰიბრიდული საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ერთობლივ სწავლებებს ჩაატარებენ.
დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ერთობლივი პოზიცია უკავიათ რუსეთთან მიმართებაში.