საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დელეგაციასთან ერთად ვარშავაში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად უკვე მივიდა.
"აქ ვართ მეგობრებთან ერთად და ვამუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო, შავი ზღვა და საქართველო უფრო უსაფრთხო ადგილი", - განაცხადა სამიტზე შესვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაიცით, გაიმართება NATO-ს გენერალური მდივნის და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალმების ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დელეგაციის ხელმძღვანელები ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ.
ვარშავის სამიტის ფარგლებში, დღეს პირველად გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ნატო -საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.
ქვეყნის პირველი პირი, დღეს, სამიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ნიდერლანდების და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან.
საქართველოს პრეზიდენტი დღის ბოლოს სამუშაო სადილს დაესწრება, რომელიც NATO-ს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება.