სასამართლო რეფორმის ფაცი-ფუცით კეთების მოწოდება არ მიმაჩნია მართებულად

სასამართლო რეფორმის ფაცი-ფუცით კეთების მოწოდება არ მიმაჩნია მართებულად

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში შეუთახმებელ საკითხებს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ვერ უშველის.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გია ვოლსკიმ სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციის საკითხზე საპარლამენტო ძალებთან კონსულტაციების გამართვის შესახებ პრეზიდენტის წინადადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრობლემა წარმოსახვითია და მას ხელს ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები უწყობენ.

”რაც შეეხება კონსულტაციებს, არ ვიცი ჩვენი ფრაქციის იურისტები ამაში თუ ჩაერთვებიან, მაგრამ ფრაქცია იმ ინტენსივობით აღარ მუშაობს, რომლითაც მუშაობდა. ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, არავითარი პრობლემა არ არსებობს, ყველანაირ კონსულტაციებში შეიძლება მონაწილეობის მიღება, მაგრამ ვფიქრობ, ეს რაღაც შექმნილი, წარმოსახვითი პრობლემაა, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები უწყობენ ხელს”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე აზრით, სიჩქარე საჭირო არაა, როდესაც საქმე ფუნდამენტურ საკითხებს ეხება.

”მესამე მოსმენით, პრაქტიკულად, მზად იყო მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტი, მაგრამ არსებული პროექტის მთელ რიგ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო ჩამოყალიბებული, იყო შენიშვნები - ზოგი მიუღებელია, ზოგი მისაღები. ვფიქრობ, ლოგიკური გადაწყვეტილება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ სჯობს 2-3 თვე მოვიცადოთ, ახალი პარლამენტის პირობებში განვაახლოთ ეს საქმიანობა და მივიღოთ სრულფასოვანი კანონი, ვიდრე ვიჩქაროთ საბოლოო დოკუმენტის მიღება. 2-3 თემაა ისეთი, რომელზეც ამ მოწვევის პარლამენტი ვერ შეთანხმდა. ამას დამატებითი რიგგარეშე შეკრება ნამდვილად ვერ უშველის, რომც იყოს ამ შეკრების საშუალება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ვოლსკიმ.

დეპუტატის განმარტებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.

”არის კიდევ ერთი თემა, რომლის გამოც აქტუალური გახდა ეს საკითხი და რომელიც ახალი მოსამართლეების შერჩევას ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ - იმის გამო, რომ კანონით არაა გაწერილი კრიტერიუმები, მიმდინარეობს არასწორი შერჩევა და შეიძლება ისე მოხდეს, რომ მაღალი სტანდარტების მქონე მოსამართლეები არ იყვნენ შერჩეულებიო. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ კანონით გაწერილი კრიტერიუმები გადაუდებლად აუცილებელი არაა იმისთვის, რომ მოსამართლედ შეარჩიო ისეთი ადამიანი, რომელიც იმსახურებს ამ თანამდებობაზე ყოფნას. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა რაც იყო - დამოუკიდებლობა, ეს არის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ დგას. დახვეწა ამ სისტემის, რასაკვირველია, საჭიროა, მესამე ტალღაც საჭიროა და შეიძლება მეოთხე ტალღაც გახდეს საჭირო, მაგრამ ამის ფაცი-ფუცით კეთების მოწოდება არ მიმაჩნია მართებულად”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებს სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ანა დოლიძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამჟამად მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი და იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოსამართლის მანტიისთვის შეუფერებელი კანდიდატების დანიშვნა, აუცილებელია მიიღონ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციებსაც სთავაზობს.