ვარშავის სამიტის პირველ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა გამოცემა Financial Times-ში სტატიას აქვეყნებს. ამერიკელი პრეზიდენტი წერს, რომ საჭიროა ნატო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის გზით.
ბარაქ ობამა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის ერთობას, თავისუფლებასა და მშვიდობას ევროპაში.
„ვარშავის სამიტის ამოცანაა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მისწრაფება და ჩვენი ვალდებულება, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მხუთე მუხლს ეფუძნება და ნატო-ს ყველა წევრის დაცვას გულისხმობს“, - აღნიშნავს ობამა.
აშშ-ის პრეზიდენტის მოსაზრებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავ შეეცდებიან რუსეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობა ჰქონდეთ, უნდა დავეთანხმოთ იმას, რომ ანტირუსული სანქციები ძალაში იქამდე უნდა დარჩეს, სანამ მოსკოვი, მინსკის შეთანხმებების თანახმად, ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს“, - წერს ობამა.
აშშ-ის პრეზიდენტის მოსაზრებით, ტერორისტული საფრთხეები ნატო-ს ქვეყნებში, მიგრაციული კრიზისი და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი კითხვის ქვეშ აყენებს ევროპული ინტეგრაციის მომავალს. ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ერთობის შენარჩუნებით, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.