პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კონსულტაციების ადრესატი მთავრობა და უმრავლესობის დანარჩენი ნაწილი უნდა იყოს

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კონსულტაციების ადრესატი მთავრობა და უმრავლესობის დანარჩენი ნაწილი უნდა იყოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ფრაქცია ”რესპუბლიკელები” მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს მხარს უჭერს.

როგორც ხმალაძემ ”ინტერპრესნიუსს” სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციის საკითხზე საპარლამენტო ძალებთან კონსულტაციების გამართვის შესახებ პრეზიდენტის წინადადებაზე კომენტირებისას განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნისა და არჩევის წესი ”რესპუბლიკელებისთვის” მისაღები არაა, ისინი მაინც უჭერენ მხარს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე განიხილა.

”მიგვაჩნია, რომ სხვა დანარჩენი საკითხები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ ფონზე სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის თუ არჩევის წესის მიუღებლობამ არ უნდა მოახდინოს გავლენა. მითუფრო, რომ ამ ცვლილებების თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეებს, პრაქტიკულად, აღარ რჩებათ ის უფლებამოსილება, რომელიც მათ მნიშვნელოვან ფიგურად ტოვებს დღემდე. სასამართლოების თავმჯდომარეებს აღარ ექნებათ საქმეების განაწილების შესაძლებლობა. მოსამართლეთა შფასების სისტემა, მოსამართლეობის კანდიდატებნის შეფასების სისტემა, საქმეთა ელექტრონული განაწილება, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ”, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ფრაქცია ”რესპუბლიკელების” წევრის თქმით, მისთვის უცნობია, რის გამო შეიქმნა პრობლემა და რატომ ვერ მოხერხდა აქამდე მესამე მოსმენით კანონპროექტის განხილვა.

”პარლამენტი ვერ განიხილავს ამ კანონპროექტს, თუ ინიციატორმა არ მოინდომა მისი წარმოდგენა. ინიციატორი კი არის მთავრობა. დღის წესრიგში დიდი ხანია უკვე შეტანილია და გადადის ერთი კვირიდან მეორე კვირას, მეორე კვირიდან მესამე კვირას და ასე მივედით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ხმალაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კონსულტაციების ადრესატი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი ნაწილი უნდა იყოს.

”არ ვიცი პრობლემა სად არის და შესაბამისად ვერ ვამბობ, კონსულტაციებით რა შეიძლება გაკეთდეს. შესაბამისად, ვერ ვიტყვი პრეზიდენტის თუ მისი წარმომადგენლის მონაწილეობა მოიტანს თუ არა პოზიტიურ შედეგს”, - დასძინა ”რესპუბლიკელების” ერთ-ერთმა ლიდერმა.

პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებს სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ანა დოლიძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამჟამად მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი და იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოსამართლის მანტიისთვის შეუფერებელი კანდიდატების დანიშვნა, აუცილებელია მიიღონ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციებსაც სთავაზობს.