აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია (S.Res. 506), რომელიც გამოხატავს სენატის მხარდაჭერას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი. მხარდაჭერა გამოიხატება ასევე, 2016 წლის 8-9 ივლისს ნატოს სამიტის ვარშავაში, პოლონეთში ჩატარებისა და იმის მიმართ, რომ ნატოს მიენიჭოს უსაფრთხოების დამცველის ფუნქცია იმ საშიშროებების გასანადგურებლად, რომლებიც ალიანსს ემუქრება.
რეზოლუციაში აღიარებულია “საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები, ასევე, საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა.
„იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის უელსის სამიტის შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალები შეიჭრნენ უკრაინაში, რითაც ყირიმი დაამატეს მოსკოვის მიერ უკანონოდ კონტროლირებადი რეგიონების სიას, რომელთა შორის საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიცაა,
იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს უელსის სამიტის შემდეგ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, ნატო და საქართველოს მთავრობა შეთანხმდნენ თანამშრომლობისა და უსაფრთხოების რეფორმის არსებით პაკეტზე - ღონისძიებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვის უნარების გაზრდას, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობისა და თავსებადობის გაძლიერებას, მათ შორის, ერთობლივი ტრენინგისა და შეფასების ცენტრის დაარსებით, რომელიც 2015 წელს გაიხსნა,
გადაწყდა, რომ სენატი აღიარებს საქართველოს საჯარისო ნაწილების წვლილს საერთაშორისო მისიებში, თავდაცვაზე გაწეულ მოცულობით ხარჯებსა და მის უწყვეტ მცდელობას, გააძლიეროს დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტები ნატოსთან გაწევრიანების მიზნით“,- ნათქვამია აშშ-ის სენატის რეზოლუციაში.
https://www.congress.gov/bill/114th-congress/senate-resolution/506