საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელს აწერს ვარშავის სამიტისადმი საქართველოს საპარლამენტო პარტიების ერთობლივ მიმართვას, რომელშიც პოლიტიკური პარტიები ადასტურებენ, რომ ღრმა პოლიტიკური განსხვავებებისა და დაპირისპირების მიუხედავად, პოლიტიკური სპექტრი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად ერთიანდება. პარტიები თხოვნით მიმართავენ ნატოს წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭიროს და წაახალისოს საქართველოს სწრაფვა ალიანსის წევრობისკენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ამ კონკრეტულ თემაზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდა.
მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს საპარლამენტო პარტიების მიერ მიღებული ერთობლივი დოკუმენტის თარგმანსაც აქვეყნებს.
„ამ დოკუმენტის ხელმომწერ საქართველოს პოლიტიკურ საპარლამენტო პარტიებს წარსულიდან მოყოლებული აქვთ არსებითი საშინაო პოლიტიკური უთანხმოება. თუმცა ჩვენ ერთიანი ვართ ერთ პრინციპთან დაკავშირებით: საქართველოს არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო და ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილი, ააშენოს ევროპული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს თავისუფლებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოებას და მიისწრაფვის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრული ინტეგრაციისკენ. საქართველოს სურს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკური საზოგადოების კოლექტიურ უსაფრთხოებაში, დემოკრატიასა და კეთილდღეობაში. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს წინაშე რეგიონში არსებულ განსაკუთრებულ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მირ, რომელმაც მის მიერ კონტროლირებადი რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
საქართველოში 25 წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიისა და 2008 წელს მისი ინტერვენციის შედეგად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, რომელიც მოცულია ტერიტორიული დავებით და გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს მიმდინარე შეიარაღებულ კონფილქტებთან, თუმცა ჩვენი მდებარეობა ასევე მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ლოჯისტკური და ენერგეტიკული დერეფანი. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენი მეზობლების ქმედებებს და არ უნდა ვიყოთ მათი ქმედებების მძევლები. როგორც საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ მხარს ვუჭერთ კეთილმეზობლური ურთიერთობების, თავისუფალი და ღია ვაჭრობის, დიალოგისა და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პრინციპებს. თუმცა ჩვენ ასევე მზად ვართ, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მივისწრაფით საქართველოს ევროკავშირში, ნატო-სა და სხვა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრული ინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერისკენ”, - ნათქვამია დეკლარაციაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, „ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები“, „კონსერვატორები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“.