ვარშავაში ჩვენს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია

ვარშავაში ჩვენს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია

საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტზე ქვეყანას ზურგს უმაგრებს დეკლარაცია, რომელიც პოლიტიკურმა ძალებმა NATO-ოსთან დაკავშირებით ერთიანად მიიღეს.

პრეზიდენტი მადლობას უხდის როგორც ოპოზიციას, ასევე სახელისუფლებო პარტიებს, რომ საქართველოს საგარეო კურსის თაობაზე, მათ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და დაფიქსირება შეუძლიათ.

"ვარშავის სამიტზე, ჩვენს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც ერთად მიიღეს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა, სადაც მხარი აქვს დაჭერილი საქართველოს NATO-ს კურსის ურყევ ნებას. ეს არის ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო აწერს ხელს. ძალიან მნიშვნელოვნაია, და მინდა მადლობა ვუთხრა ამ პარტიებს, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს, პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ და ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ",- აღნიშნა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე NATO-ს სამიტი გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 58 ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის, 28 წევრი სახელმწიფო. ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები.