საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კვლევაში საქართველო მედიის თავისუფლების ხარისხით მე-100 ადგილზეა. გასულ წელს ქვეყანამ ამავე ინდექსში 81 ადგილი დაიკავა. წლეულს საქართველომ მეასე ადგილი 178 სახელმწიფოს შორის დაიკავა.
რეიტინგში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები დომინირებენ, პირველი ხუთეულში შედიან ფინეთი, ისლანდია, ნიდერლანდებების სამეფო, ნორვეგია, შვედეთი. ორგანიზაციის აზრით აღნიშნულ ქვეყნებში პრესა სრულიად დამოუკიდებელი და თავისუფალია.
ორგანიზაციის განმარტებით განცხადებაში თავისუფლების ინდექსის გარდა, საქართველოზე არაფერია ნათქვამი.
ამასთან, ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარება და მედიის თავისუფლება პირდაპირპროპორციული არ არის.
„ამ ტენდენციის მაგალითებად შეგვიძლია დავასახელოთ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია. რუსეთმა წელს 140-ე ადგილი დაიკავა. ჩინეთი, ბლოგოსფეროს განვითარების მიუხედავად, მაინც ამ ნეგატიური ტენდენციის მქონე სახელმწიფოების რიცხვში შევიდა. შემაშფოთებელია, რომ ევროსაბჭოს ზოგიერთი ქვეყნის ინდექსი ეცემა და, ამასთან ერთად, ისინი კარგავენ ავტორიტეტს ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში“, – ნათქვამია ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ჟან ფრანსუა ჯულიარის განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ინდექსის ვარდნის ტენდენცია აქვთ უკრაინას, ფილიპინებს, საბერძნეთს და ყირგიზეთს.
ორგანიზაციამ ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების სიაც გამოაქვეყნა. პირველ სამეულში შევიდნენ ერიტრეა, ჩრდილოეთ კორეა და თურქმენეთი. ორგანიზაციის აზრით ამ ქვეყნებში არსებობს მკაცრი ცენზურა, მედია ემორჩილება ხელისუფლებას, იტაცებენ, აშინებენ და კლავენ ჟურნალისტებს.
ეს არის ორგანიზაციის მე-9 ყოველწლიური გამოკვლევა.
საერთაშორისო ორგანიზაციამ მიმდინარე წელს ინტერნეტ-ცენზურასთან ბრძოლის დღეც აღნიშნა. კერძოდ, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ გამოაქვეყნა ანგარიში „ინტერნეტის მტრები 2010 წელს“.
ყოველწლიურ ანგარიშში დასახელდა ის ქვეყნები, სადაც ინტერნეტი ყველაზე მეტად იზღუდება. ანგარიშში ასევე საუბარია ინტერნეტის როლისა და გავლენის ზრდაზე მსოფლიო საზოგადოებაში. ინტერნეტის პოპულარობის ზრდის პარალელურად იზრდება და ინერგება ინტერნეტის შეზღუდვის სხვადასხვა, მრავალფეროვანი, ფორმები.
2010 წელს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში შეიზღუდა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ეს მონაცემები გასულ წელთან შედარებით გაორმაგებულია.
ანგარიშში ნახსენებია საქართველოს მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი. გასულ წელს ზერბაიჯანში ხელისუფლების კორუფციული საქმიანობის მამხილებელი ვიდეოების გამოქვეყნებისთვის დააკავეს ორი ბლოგერი; ადნან შაჰიზადე და ემინ მილი. თურქეთში ბევრი ვებ რესურსი დაბლოკილია, მათ შორის პოპულარული საიტი იუთუბი. თურქეთში ასევე იბლოკება ვებგვერდები, რომელიც აშუქებს ტაბუირებულ თემებს: სამხედრო საკითხებს, ეროვნულ უმცირესობებს და ა.შ.
რუსეთის მთავრობის მიერ ტელემედიისა და პრესის გამკაცრებული კონტროლის პირობებში, რუნეტი ყველაზე თავისუფალ საინფორმაციო სივრცედ რჩება. ამის გამო, იზრდება პროპაგანდა ინტერნეტის საშუალებით და იხურება ე.წ. ექსტრემისტული ვებგვერდები. არსებობს საშიშროება, რომ ინტერნეტი რუსეთში პოლიტიკური კონტროლის იარაღი გახდება.
ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ინტერნეტის მტრების სათავეში შემდეგი ქვეყნები მოაქცია: საუდის არაბეთი, ბირმა, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ეგვიპტე, ირანი, უზბეკეთი, სირია, ტუნისი, თურქმენეთი და ვიეტნამი.
ბირმაში, ჩრდილოეთ კორეაში, კუბასა და თურქმენეთში ინტერნეტზე დაშვება თითქმის მოსპობილია და ის მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. ეს ქვეყნები ინტერნეტს საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვისაც კი არ იყენებენ.
საუდის არაბეთსა და უზბეკეთში ინტერნეტი იმდენად იფილტრება, რომ ამ ქვეყნის ინტერნეტ-მომხმარებლები პრობლემების შექმნას თვითცენზურას ამჯობინებენ.
ჩინეთში, ეგვიპტეში, ტუნისში და ვიეტნამში კი, ეკონომიკური მოტივების გამო, ინტერნეტთან წვდომა შედარებით ადვილია, თუმცა თავისუფალი მაინც არ არის. ჩინეთის მთავრობა მკაცრად აკონტროლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის ვებგვერდებს, ფორუმებსა და ბლოგებს. ხშირ შემთხვევაში კი სადამსჯელო ღონისძიებებსაც არ იშურებს. დღეისათვის, ჩინეთის ციხეში 70-მდე კიბერდისიდენტი იხდის სასჯელს.
„რეპორტიორების“ მესვეურები ფიქრობენ, რომ უახლოეს მომავალში ინტერნეტ თავისუფლებას საფრთხე ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში შეიძლება შეექმნას, როგორიცაა ავსტრალია და სამხრეთ კორეა. ამ ქვეყნებში მალე ინტერნეტის მარეგულირებელი კანონების მიღებას აპირებენ.
ზოგიერთი სკანდინავიური ქვეყანა უახლოეს მომავალში შეიძლება ინტერნეტ სამოთხედაც კი იქცეს. ფინეთმა „ინტერნეტთან წვდომის უფლება“ თითოეული მოქალაქის უზენაეს უფლებად გამოაცხადა. ისლანდიაში კი უახლოეს მომავალში აპირებენ კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მკაცრად დაიცავს ინტერნეტში ინფორმაციის თავისუფლებას, გამჭვირვალობასა და დამოუკიდებლობას.
„რეპორტიორებმა“ ცალკე შეისწავლეს ის მსოფლიო ლიდერები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავენ. რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი სწორედ ამ „საპატიო“ სიაში მოხვდა. ამ კუთხით 40 ყველაზე მკაცრი მსოფლიო ლიდერის „შავი სია“ გამოაქვეყნდა. პოლიტიკოსებთან ერთად, სიაში რელიგიური ავტორიტეტები და „ბოევიკთა“ ლიდერები ფიგურირებენ.
„შავ სიაში“ 17 პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შორის ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ხუ ცზინტაო, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი და კუბის ლიდერი რაულ კასტრო მოხვდნენ.
ცნობისათვის: საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ იცავს ჟურნალისტებსა და მედია ასისტენტებს, პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო დაპატიმრების, დევნისა და წამებისაგან. იბრძვის ცენზურისა და კანონების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლის პრესის თავისუფლებას.
სანამ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ კონკრეტულ კვლევას განახორციელებს, იგი საკუთარი კორესპონდენტების დახმარებით დაწვრილებით სწავლობს აღნიშნულ საკითხს. კორესპონდენტები კონკრეტულ რეგიონებზე არიან მიმაგრებულები (აფრიკა, სამხ. და ჩრ. ამერიკა, აზია და წნარი ოკეანის აუზი, ევროპა და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა).
ამის შემდეგ კი ორგანიზაციის თანამშრომლები კონკრეტული სახელმწიფოს ხელისუფლებას უგზავნიან საპროტესტო წერილებს, რათა მოახდინონ გავლენა მთავრობებზე, რომლებიც არ სცემენ პატივს ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და მიღების უფლებას, აგზავნიან რელიზებს მედია-ორგანიზაციებში, რათა ჟურნალისტებმა მხარი დაუჭირონ კოლეგებს.