"იყო ორი მთავარი თემა და ორივეს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს დილით საპარლამენტო "ნაციონალური მოძრაობიდან" და "თავისუფალი დემოკრატებიდან" ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

ოპოზიციასთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგა ბოკერიამ, ასევე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და დეპუტატმა მისი პარტიიდან ვიქტორ დოლიძემ.

"შეხვედრაზე იყო ორი მთავარი თემა და ორივეს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის. პირველი ეხებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, თანამშრომლობას სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების შემდგომი მხარდაჭერა არის საუკეთესო გარანტი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის დაცულობის; და მეორე თემა, რომელიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გახლდათ ქვეყანაში დემოკრატია და მომავალი არჩევნები. ამ თვალსაზრისით, გზავნილი ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან არის აბსოლუტურად ღია, მკაფიო და გასაგები, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, რაც გულისხმობს თავისუფალი მედიის არსებობას და ამ კონტექსტში ძალიან დეტალური საუბარი იყო "რუსთავი 2" - ზე და სხვა მედიასაშუალებებზე.

საუბარი იყო ძალადობის დაგმობაზე და ხელისუფლების მხრიდან იმ ნაბიჯების დაუშვებლობაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამომრჩევლის თავისუფალი არჩევანის უფლებას და აგრეთვე, იმ გარემოზე და იმ პრობლემებზე,  რომელიც შექმნა, მაგალითად, პოლიტიკურმა დევნამ და გამოუძიებელი ძალადობის ფაქტებმა - ორივე მიმართულებით, ქვეყნის უსაფრთხოების და ქართული დემოკრატის გაძლიერების კუთხითაც, სიგნალები ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან არის აბსოლუტურად მკაფიო და იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ამ სიგნალებს შეისმენს", - განუცხადა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

გიგა ბოკერიას თქმით, ჯონ ქერი არის საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ძალიან მკაფიო გზავნილით ორივე მთავარი მიმართულებით ქვეყნისთვის.

"ეს არის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის იმ გამოწვევის ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიქმნის - რუსეთი და ეს არის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიის და მკაფიო გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ ეს ორი საკითხი არის ურთიერთდაკავშირებული.

ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რომ ასეთი მეგობრების მხარდაჭერით ჩვენ გავაძლიეროთ და ვიხსნათ იმ საფრთხისგან ჩვენი დემოკრატია, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქმნის და გავაძლიეროთ ჩვენი საგარეო უსაფრთხოების თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან და NATO-სთან", - განაცხადა ბოკერიამ.