ზურაბ პატარაძე, რომელიც, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს ჩაანაცვლებს, მედეა ვასაძეს შეხვდა

ზურაბ პატარაძე, რომელიც, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს ჩაანაცვლებს, მედეა ვასაძეს შეხვდა

ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, რომელიც, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს ჩაანაცვლებს, ბათუმში იმყოფება.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ზურაბ პატარაძე დღეს არაოფიციალურ გერმოში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ მედეა ვასაძეს შეხვდა.

„გავეცანით ერთმანეთს ფინჯან ყავაზე,“ - განუცხადა მედეა ვასაძემ ”ინტერპრესნიუს” და დასძინა, რომ შეხვედრით კმაყოფილია.

”ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა. ერთი საათი ვისაუბრეთ საჭირბოროტო საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე, ვისაუბრეთ ჩემს პოზიციებზე - ჩემი ბევრი პოზიცია მისთვის ნათელი გახდა, ვისაუბრეთ ზოგადად, ყველაფერზე - რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, იმ ნაკლოვანებებზე, რასაც ვხედავდი ყოფილი ხელისუფლების დროს, წინასაარჩევნო რეჟიმზე და ა.შ. აქამდე მე მას არ ვიცნობდი, თუმცა დეტალურად მაქვს შესწავლილი მისი დიპლომატიური კარიერა, რაღაც- რაღაცები დავაზუსტე ამ შეხვედრისას. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო საჭირო“, - აღნიშნა ვასაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. ის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას და მისი გადაწყვეტილებაც სწორედ აღნიშნულს უკავშირდება.

გავრცელებული ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე შეცვლის.