ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შემოღების პროცედურის გამარტივებას.
შესაბამის საკანონმდებლო ანგარიშს, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, ავგუსტინ დიას დი მერამ მოამზადა, კომიტეტის 41-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მაისში, ევროკომისია ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვის ინიციატივით „არსებული მიგრაციული კრიზისის და საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების ბოლო ინიციატივების გათვალისწინებით“ გამოვიდა.
სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტი აღნიშნავს, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმის გაძლიერების გეგმა საშუალებას მისცემს ევროკავშირს, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის დროებით შეაჩეროს უვიზო რეჟიმი იმ შემთხვევაში, თუ უკანონო მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების დაუსაბუთებელი განაცხადის ზრდა დაფიქსირდება ან მესამე ქვეყანა უარს იტყვის ევროკავშირთან თანამშრომლობაზე რეადმისიის საკითხებში.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ევროდეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს ცვლილება, რომელიც ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებისთვის გარემოებების ჩამონათვალს ზრდის.
ასეთ გარემოებებად ჩაითვლება „რისკების ზრდა ან უშუალო საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგისთვის ან შიდა უსაფრთხოებისთვის“, თუმცა ამავდროულად, აღნიშნული რისკები უნდა იყო დასაბუთებული ობიექტური ინფორმაციით, რომელსაც ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები და ევროპოლი წარადგენენ.
ახალი რეგულაცია ასევე საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიაწოდონ ერთმანეთს და ასევე ევროპულ კომისიას ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებისთვის.
ასეთ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მესამე ქვეყანას უვიზო რეჟიმი 6 თვით შეუჩერდება. ამ პერიოდის განმავლობაში ევროკომისია ვალდებული იქნება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს წარუდგინოს ანგარიში, რათა ამ უკანასკნელებმა მიიღონ გადაწყვეტილება, საჭიროა თუ არა მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის განახლება.
ევროკომისიას ასევე, უფლება ექნება ამა თუ იმ ქვეყანას ე.წ. შეჩერების მექანიზმი საკუთარი ინიციტივით დაუწესოს.
ევროდეპუტატების დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, უვიზო რეჟიმის შეჩერება იქნება „უკიდურესი“ ნაბიჯი და უნდა ეფუძნებოდეს მკაცრ და ობიექტურ მონაცემებს.
გარდა ამისა, ევროკომისია ვალდებული იქნება, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია, განაგრძობს თუ არა ქვეყანა ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების სფეროში.
ევროპარლამენტის ცნობით, უკვე მომავალ კვირას, ე.წ. შეჩერების მექანიზმის სწრაფი შემოღების მიზნით, მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოსთან დაიწყება.