8-9 ივლისს, NATO-ს 28-ვე წევრი ქვეყნის ლიდერი და არაერთი პარტნიორი ვარშავაში NATO-ს გადამწყვეტ სამიტზე შეიკრიბება.
ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ალიანსის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით მისი თავდაცვის გაძლიერებითა და მის საზღვრებს გარეთ სტაბილურობის გარანტირების მეშვეობით.
მოკავშირეები შეთანხმდებიან ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში ოთხი ძლიერი და მრავალეროვნული ბატალიონის განთავსებაზე როტაციულ საფუძველზე.
რუმინეთში მრავალწარმომადგენლობითი ბრიგადა უზრუნველყოფს შესაბამის ძალებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. NATO გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს კიბერთავდაცვისა და სამოქალაქო მზადყოფნის გასაძლიერებლად და ევროატლანტიკურ სივრცეზე ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.
ჩვენს საზღვრებს მიღმა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ლიდერები შეთანხმდებიან, რომ გააფართოვონ NATO-ს საწვრთნელი მისია ერაყში და მისი როლი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.
ისინი ასევე დაეთანხმებიან NATO-ს-ს AWACS სისტემის სათვალთვალო თვითმფრინავის განლაგებას გლობალური კოალიციის მხარდასაჭერად ISIL-ის წინააღმდეგ.
NATO გააგრძელებს ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკასთან.
2014 წელს, უელსში, ბოლო სამიტიდან მოყოლებული, მოკავშირეებმა განახორციელეს კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი ზრდა ცივი ომის შემდეგ.
გასულ წელს, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, მოკავშირეებმა ასევე გაზარდეს თავდაცვითი ხარჯები. დღეს, NATO უფრო ძლიერია და მზადაა, ნებისმიერი გამოწვევისთვის.
ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას წლების განმავლობაში.
ცნობისათვის, სულ NATO-ს 27 სამიტი გაიმართა. პირველი - 1957 წლის დეკემბერში, უკანასკნელი კი - უელსში 2014 წლის სექტემბერში.
ეს სამიტი პირველად გაიმართება პოლონეთში, გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით.
სამიტში 58 ქვეყნის (NATO-ს 28-ვე წევრი სახელმწიფო, მონტენეგრო, 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები) ოფიციალური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. სამიტს დაახლოებით, 2500 ოფიციალური დელეგატი და მედიის 2000 წარმომადგენელი დაესწრება.