„ეროვნული ფორუმი“ მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინცინდენტის დროს დაკავებულ საკუთარი პარტის წევრს ზაზა ჩაკვეტაძეს და ბოლოს ისან–სამგორის პოლიციაში აღმოაჩინა…
დილიდან სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლილოს ბაზრობაზე საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დარღვევების ბრალდებით 15-მდე ინდმეწარმე დააკავა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, საგადასახადო სამსახურები მხოლოდ მოვაჭრეების დაჯარიმებით შემოფარგლულან და ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. ასე იყო თუ ისე, ლილოს ბაზრობაზე მომხდარ ფაქტს დანარჩენი მოვაჭრეების მხრიდან გაფიცვა მოჰყვა, რაც მოგვაიანებით, შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა.
ბაზრობის დაცვა მოვაჭრეებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და ჟურნალისტებს ბაზრობის ტერიტორიაზე არ უშვებდა, როგორც ჩანს დალუქული ობიექტები რომ არ დაეფიქსირებინათ. რაც შეეხება მოვაჭრეთა დაწიოკების მიზეზს, აღმოჩნდა, რომ მოვაჭრეებს ზედნადებები არ ჰქონდათ. შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი ცხაკაია კი გვაფრთხილებს, რომ ყველა ადამიანს, როდესაც პროდუქციას ყიდის, დოკუმენტაციის გამოწერა ევალება.
„დოკუმენტაციის გაუცემლობა ისჯება კანონით. ლილოში ტარდება საკონტროლი შესყიდვის, ინვენტარიზაციის და სხვა პროცედურები, რაც სხვა დროსაც ტარდებოდა და ჩატარდება მომავალაშიც. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ კეთილსინდისიერი გადამხდელები, რომლებიც მოითხოვენ ჩვენგან დაცვას“ – ამბობს ცხაკაია.
ცხაკაიამ საგადასახადო სამსახურის მიერ დაცული ერთი მეწარმე დაგვისახელოს და შემდეგ იმასაც დავუჯერებთ, რომ „ბაზრობაზე არც ერთი ობიექტი დალუქული არ არის“.
მანამდე კი, საფუძველი არ გვაქვს ეჭვი შევიტანოთ ლილოს ბაზრობის მოვაჭრეების ნათქვამში: „სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი ბაზრობაზე დალუქული ან დაკეტილია“. მოკლედ, ასე დაიწყო მორიგი დღე ლილოს ბაზრობაზე და შემთხვევიდან ძალიან მალე, ლილოს ბაზრობაზე „ეროვნული ფორუმის“ ლიდერები მივიდნენ. რაც იქ მოხდა, ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია, რასდგან ვინ ვის ეძიძგილავებოდა ვერ გაარჩევდით და უმჯობესია, ITV-ს მიერ გადაღებული მასალა საკუთარი თვალით იხილოთ.
მასალის გადაღებას ინტერნეტ–ტელევიზიის კამერა შეეწირა, რამდენიმე ჟურნალისტიც ნაცემია და კარგი დღე არც გამშველებელ გუბაზ სანიკიძეს დაადგა, რომ არაფერი ვთქვათ, დაკავებულ–გადამალულ ზაზა ჩაკვეტაძეზე, მაგრამ, ცხაკაიას რომ ჰკითხოთ, ალბათ იტყვის – მეწარმეების დაცვა მსხვერპლს მოითხოვსო.
ეს რომ პირველი შემთხვევა იყოს, ცხაკაიას მენტორული ტონიც ასატანი იქნებოდა, მაგრამ როდესაც რამდენიმე კვირის წინ, მექსიკელი ნარკოდილერების მსგავსად, „კიდობანისა“ და „პასაჟის“ მოვაჭრეების (150 იყო თუ 70 დღემდე ვერ გავარკვიეთ) მასიური დაპატიმრება მოხდა, ესეც კი ჩვეულებრივად მიიღო საზოგადოებამ, რადგან ბიზნესის ტერორი და დაწიოკება ამ ქვეყანაში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ლილოს ბაზრობაზე მისულმა და პერიპეტიებგადატანილმა კახა შარტავამ კი კიდევ ერთხელ თქვა ის, რაზეც დიდი ხანია ოპოზიცია ბიზნესმენების ნაცვლად საუბრობს: „სწორედ ხელისუფლებისგან მოდის დავალება დაჯარიმებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ინიციატივაა საგადასახადო პოლიტიკა, რომელსაც მოვაჭრეები თავს ვერ ართმევენ და მათ წნეხის ქვეშ აქცევს. უნდა შეიცვალოს რეჟიმი და სწორედ მაშინ შეიცვლება საგადასახადო პოლიტიკაც“.
წნეხში კი ის იგულისხმება, რომ ქვეყანაში ბიზნესს განვითარების საშუალება მოუსპეს და წინასწარი დაკავების იზოლატორები, ყვარყვარეს ციხესავით პატიმრებს ვეღარ იტევს. ამჯერად გვეუბნებიან, დაკავებული არავინააო, მაგრამ რა ქნან მოვაჭრეებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ გასული წლის (როცა ზედდნადების აუცილებლობა ჯერ კიდევ არ იყო) საქონელი გაუყიდავი უდევთ დახლზე, ვინ
მისცემს მათ ახალ ზედნადებს? თუ, მოვაჭრემ საქონელი უნდა გაანადგუროს?
„საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები ყოველ დღე მოდიან ბაზრობაზე და საკონტროლო შესყიდვებს ახორციელებენ, რის შემდეგაც ინდმეწარმეებს აჯარიმებენ ან ულუქავენ მაღაზიებს. მაღაზიების დალუქვა ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს დალუქული რამდენიმე მაღაზიიდან ერთ-ერთი სწორედ საგადასახადო ზედნადებების არარსებობასთან დაკავშირებით დალუქეს. საგადასახადოს თანამშრომელმა განახორციელა საკონტროლო შესყიდვა, თეთრეულის მაღაზიიდან შეისყიდა 350 ლარად ღირებული საქონელი. მოვაჭრემ ჩეკი ამოურტყა, ხოლო ზედნადები არ გამოუწერა, რის გამოც აღნიშნული ფაქტი მაღაზიის დალუქვის და მეწარმის დაჯარიმების საფუძველი გახდა. მოვითხოვთ ფიქსირებულ გადასახადებს ან რამდენიმე წლის წინ ჩამოტანილი საქონლიდან დარჩენილი ნაშთის ჩამოწერას, რადგან ამ საქონლის ზედნადები არა აქვთ. იმ პერიოდში არ იყო სავალდებულო ზედნადებების არსებობა და არ შეიძლება ახალი საგადასახადო პოლიტიკით წინა წლებში ჩამოტანილ საქონელზე დოკუმენტების მოთხოვნა“, - ჩივიან მოვაჭრეები.
კახა შარტავამ კი ხელისუფლებას ვადა დაუთქვა და მოსთხოვა დაინტერესდეს მოვაჭრეების პრობლემით, მივიდნენ ადგილზე და გაესაუბრონ მოვაჭრეს, გაერკვნენ ამ პრობლემებში და სწორედ მათ სასარგებლოდ დაარეგულირონ საგადასახადო საკითხები.
„ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ გამწარებული იყოს ეს ხალხი. მოვითხოვთ, უახლოესი დღეების განმავლობაში გადახედილი იქნას ეს ყაჩაღური პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხალხი მზად არის მოგვთხოვოს, რომ გავფიცოთ კიდევ დანარჩენი ყველა მსგავსი ობიექტი და გავიდეთ ქუჩაში უკვე სხვა მოთხოვნით, ეს მოთხოვნა კი იქნება ხელისუფლების შეცვლა. თუ საგადასახადო პოლიტიკა არ შეიცვლება, შეიცვლება ხელისუფლება“, – ხელისუფლების მისამართით, პირველი გაფრთხილება გააკეთა კახა შარტავამ.
თუმცა, მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ ამ განცხადების მიუხედავად, პარტიის პოლიტსაბჭოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.