ზარალიანი ბანკები დიდხანს ვერ გაძლებენ

ზარალიანი ბანკები დიდხანს ვერ გაძლებენ

საქართველოს საბანკო სექტროში ზარალიანი ბანკების რაოდენობა მატულობს. წლის დასაწყისიდან მოყოლებული ზარალის ოდენობაც მკვეთრად გაიზარდა - 47 მლნ-დან 77 მილიონამდე. ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ წლის ბოლომდე, შესაძლოა, რამდენიმე მცირე ბანკი გაერთიანდეს ან უკვე ძვალმსხვილ ბანკებს შეერწყას. ეროვნული  ბანკი ამ პროცესს სიტყვიერად (ალბათ საქმითაც) მხარს უჭერს კიდეც.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბაზარზე მოქმედი 19 კომერციული ბანკიდან 2012 წლის I კვარტალი წმინდა ზარალით 6-მა დაასრულა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნაში მოქმედი ყოველი მესამე ბანკი ზარალიანია.

2012 წლის პირველი აპრილისთვის, აღნიშნული ბანკების ჯამური ზარალი 76,7 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე თითქმის 20 მლნ ლარით მეტია. პირველი მარტისთვის “ქართუს”, “HSBC ბანკი - საქართველოს”, “ბითიეი ბანკი-საქართველოს”, “პროგრეს ბანკის”, “ხალიკ ბანკი საქართველოს”, “ინვესტბანკისა” და “პრივატბანკის” ჯამური ზარალი 57 მლნ ლარს აღემატებოდა. წლის პირველი საანგარიშო თვე კი ზარალით 4-მა ბანკმა დაასრულა, ჯამური მაჩვენებელით, 46,9 მლნ ლარი.

ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის მინიმალური ზარალი და ამ ფაქტში საპანიკო არაფერია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ წამგებიანი ბანკების რაოდენობა და ზარალის საერთო მოცულობა თვიდან თვემდე იზრდება. ერთადერთი ბანკი, რომელიც ბოლო პერიოდში კრიზისული ვითარებიდან გამოვიდა და უკვე მოგებაც მიითვალა “ბანკი რესპუბლიკაა”.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ქართული საბანკო სექტორის სიჯანსაღე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო საბანკო სისტემის სიჯანსაღით 142 ქვეყანას შორის 104-ე ადგილზე აღმოჩნდა, სესხის აღების სიმარტივის მიხედვით კი - 79-ეა.

სწორედ ამიტომ გაჩნდა საფუძვლიანი მოსაზრება, რომ წლის ბოლომდე, შესაძლოა, რამდენიმე მცირე ბანკი გაერთიანდეს.  მართალია, ამის შესახებ ეროვნულ ბანკში ღიად არ საუბრობენ და არც ინფორმაციას ადასტურებენ, მაგრამ ამ ფაქტს ორივე ხელით მიესალმებიან.

სებ-ში მიაჩნიათ, რომ სექტორში შედარებით მსხვილი ბანკების გაჩენა ბაზარზე კონკურენციას გაზრდის. “ქართულ ბანკებს, სანამ მათ საკმაო კაპიტალიზაცია აქვთ და არსებულ რეგულაციებს ექვემდებარებიან, ქვეყანას მცირე ბანკების რაოდენობა საფრთხეს არ შეუქმნის და ეს ფაქტორი რისკად არ მიიჩნევა”, - ასეთია ეროვნული ბანკის შეფასება. თუმცა, უწყების წარმომადგენლები იმასაც აღნიშნავენ, რომ მცირე საკრედიტო ორგანიზაციების გაერთიანებას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმებიან.

ბანკების გაერთიანების შესახებ ინფორმაციას არც საქართველოს ბანკების ასოციაციაში ადასტურებენ. ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ ასეთი ტენდენცია ნაკლებად შესამჩნევია. თუმცა, ის პრობლემური ბანკების გაერთიანების პროცესს სრულიად ბუნებრივად მიიჩნევს.

საქართველოში დღეისთვის 17 ბანკი და უცხოური ბანკებს ორი ფილიალი მოქმედებს. აქედან 16 ბანკში უცხოური კაპიტალი საკმაოდ სოლიდურად არის წარმოდგენილი. მხოლოდ “ქართუ ბანკს” ჰყავს ერთპიროვნული მფლობელი და უცხოური ინვესტიციების აუცილებლობას არ საჭიროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ საბანკო სექტორის აქტივების 81% ხუთ უმსხვილეს ბანკზე მოდის. ამა ხუთეულიდან კი ბაზარზე 2 საბანკო მონსტრი - “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი” - დომინირებს.