ჩემი მონაწილეობით ევროკავშირის ბოლო სამიტი “სევდისა და წუხილის” ატმოსფეროში გაიმართა

ჩემი მონაწილეობით ევროკავშირის ბოლო სამიტი “სევდისა და წუხილის” ატმოსფეროში გაიმართა

დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ ბრიუსელში მისი მონაწილეობით გამართული ევროკავშირის ბოლო სამიტი “სევდისა და წუხილის” ატმოსფეროში გაიმართა. ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპელი  ლიდერები ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ქვეყნის გადაწყვეტილებისადმი პატივისცემით არიან განწყობილნი.

დევიდ ქემერონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს სუვერენიტეტისა და ორგანზიაციის შიგნით გადაადგილების კონტროლის საკითხებს.

ამასთან, დევიდ ქემერონი ბრიტანელებს აფრთხილებს, რომ დიდი ბრიტანეთს მოუწევს გადახდა იმ სარგებლის სანაცვლოდ, რომელსაც ის ევროკავშირთან ახალი ურთიერთობებისგან ელის.

29 ივნისს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში უკვე დევიდ ქემერონის გარეშე გამართავენ შეხვედრას. 27 სახელმწიფო “ბრექსითის” შესაძლო შედეგებს განიხილავს.

ევროკავშირი ლონდონისგან ორგანიზაციიდან გასვლის გეგმის ჩამოყალიბებას ითხოვს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ლონდონის გადაწყვეტილების შეცვლის შანსს ვერ ხედავს.

როგორც ევროპელ ლიდერებთან შეხვედრამდე დევიდ ქემერონმა განაცხადა, ევროკავშირიდან გასვლის ფორმალურ პროცედურას ახალი პრემიერი დაიწყებს.