საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ადეკვატური პოზიცია და არ უნდა შელახოს ქვეყნის რეპუტაცია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მისი კანდიდატურის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. გიგი წერეთელმა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს არაკომპეტენტური, პოლიტიკურად უმწიფარი და მავნებლური უწოდა.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისთვის და ნებისმიერი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი მოვლენა იმიტომ, რომ ეს არის უნიკალური ფორუმი, რომელიც იძლევა საშუალებას იყო ფოკუსირებული არა მარტო შენი ქვეყნის პრობლემებზე და ეს პრობლემები საქართველოს უსაფრთხოების და თანამშრომლობის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი აქვს. ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს, ასევე გვაქვს დევნილების პრობლემა და ვართ ევროპული ინტეგრაციის აქტიურ ფაზაში. ყველაზე ნაკლებად ჩახედული ადამიანიც კი მიხვდება, რამხელა მნიშვნელობა აქვს ასეთი ინსტიტუტის პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენლის ყოფნას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისივე თქმით, მას აქვს პატივი ორჯერ იყოს არჩეული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად და ახლა უპრეცედენტო მოვლენაა, როცა ქართველის კანდიდატურა წარდგენილი არის პრეზიდენტის პოსტზე.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მხარი დაუჭირა გიგი წერეთლის კანდიდატურას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა პრეზიდენტის პოზიციას ადეკვატური უწოდა.