თურქეთის ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება თურქი ხალხის მიმართ მეტ სოლიდარობას და კონსოლიდაციას გამოიჩენს.
ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გააქტიურდეს. ელჩი ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის იმედს გამოთქვამს.
"ვითარება მართლაც მძიმეა. არსებული ინფორმაციით, 36 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტია დაშავებული. ეს იყო საშინელი თავდასხმა სტამბულის აეროპორტზე, რომელიც ევროპაში ერთერთი უდიდესი სატრანსპორტო ჰაბია. მიხარია, რომ საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია ერთიანია. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ თურქ ხალხს. პრემიერი კვირიკაშვილი იყო ერთერთი პირველი, რომელმაც სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა და პირადად დამირეკა. ამ შემზარავმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გავააქტიუროთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ პროცესში ჩვენს მიმართ მეტ სოლიდარობას და კონსოლიდაციას გამოიჩენს", - განაცხადა ელჩმა.
ათათურქის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც სროლის ხმა უძღოდა წინ. აფეთქებას ბოლო მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 150-მდე მოქალაქე.