პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგომის ვალდებულება აღარ ექნება.
"საარჩევნო კოდექსში" შესაბამისი ცვლილებები დღეს პარლამენტმა, 79 ხმით, ერთის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მოქმედი კანონის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იყო, თანამდებობა დაეტოვებინა.
კანონპროექტის ინიციატორები აცხადებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა, მთავრობის გადადგომასა და ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას გამოიწვევდა.