ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირთა განაჩენები გადაიხედება

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირთა განაჩენები გადაიხედება

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე, იმ პირთა განაჩენების გადახედვა მოხდება, რომლებსაც პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სტატუსი აქვთ მინიჭებული. საქმე პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში შეყვანილ პირებს ეხება.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა დღეს 80 ხმით ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცა.

”სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს” დაემატა მუხლი, რომლის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება განაჩენი საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში წარდგენილი იქნება 2017 წლის 1-ელ ივნისამდე.

პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, 190 მსჯავრდებული მიჩნეულია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად, ხოლო 25 პირს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიენიჭა.

აღნიშნული პირები 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდნენ.