თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ტრანსფორმატორის აფეთქების შედეგად ორი მუშა დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან აცნობეს, ტრანსფორმატორის აფეთქების შედეგად ორმა მუშამ პირველი ხარისხის ზედაპირული დამწვრობები მიიღო, რის გამოც სამედიცინო ბრიგადამ ისინი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, მუშებმა მსუბუქი ხასიათის დამწვრობები მიიღეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, აფეთქება მოხდა. ცეცხლი ტრანსფორმატორს იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მუშები ძაბვის განაწილებას ახდენდნენ.