არ შეიძლება საარჩევნო კანონმდებლობაზე მხოლოდ ერთი პარტია იღებდეს გადაწყვეტილებას

არ შეიძლება საარჩევნო კანონმდებლობაზე მხოლოდ ერთი პარტია იღებდეს გადაწყვეტილებას

დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მმართველ უმრავლესობას მიმართავს, საარჩევნო კანონმდებლობაზე ოპოზიციასთან მინამალურ კონსესუსს მაინც მიაღწიოს.

კუბლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”ქართულ ოცნებას” მოუწოდა, ”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ის ცვლილებები, რომელიც დღეს კენჭისყრაზე მესამე მოსმენით გადის, კიდევ ერთხელ გახდეს მსჯელობის საგანი.

”პრობლემებს საარჩევნო კანონმდებლობაში რეალურად ხედავს ყველა, გარდა სახელისუფლო ძალებისა. ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როცა პარლამენტი უკვე მესამე მოსმენით იღებს ცვლილებებს, რომლის ირგვლივ არის ძალიან დიდი დისკუსია. ეს შეეხება უფასო სარეკლამო დროს და სხვადასხვა საკითხებს. პროექტის ირგვლივ არც საპარლამენტო ოპოზიციასთან, არც პარლამენტს გარე ოპოზიციასთან კონსესუსი არ არსებობს. იგივე საკითხთან დაკავშირებით პრობლემას ხედავენ მაუწყებლები, რომ დაგეგმილი ცვლილებებით მათ უფრო მეტი საეთერო დროის გამოყოფა უწევთ. ჩვენი მიზანი პოზიციების დაახლოება უნდა იყოს. მესმის, რომ უმრავლესობა მზად არ აღმოჩნდა იმისთვის, გადაედგა რადიკალური ნაბიჯი მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით და არსებული საარჩევნო სისტემა შეეცვალა, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ, მაგრამ არის საკითხი, რომელიც ამის მიღმაც კი, დავიწროებული მოთხოვნების პირობებში, შეიძლება კონსესუსის საგანი გახდეს. არ შეიძლება საარჩევნო კანონმდებლოზე მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია იღებდეს გადაწყვეტილებას. თქვენი მხრიდან ეს იყო კრიტიკის საგანი წინა წლებში და დღეს იგივე მდგომარეობაა”, - განაცხადა კუბლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. შესაბამისად, იმ პარტიათა რაოდენობა იზრდება, რომელთაც საარჩევნოდ უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ და ეს დრო ყველა ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტზე გადანაწილდება. ამასთანავე, პროექტით არ იზრდება მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა.

პროექტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.