ეროსი კიწმარიშვილი თავს არ მოიკლავდა, მას ჰქონდა უამრავი გეგმა, რომლის განხორციელებასაც აპირებდა, - ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს, მისი აზრით, თვითმკვლელობის ვერსია მცდარია და საქმის დახურვა ნაჩქარევი იყო.
”პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა და რომ არავის მიუყვანია ეროსი თვითმკვლელობამდე. მათ მთავარ მოტივად სახელდება ფინანსური პრობლემები. აღნიშნულს არ ვეთანხმებოდით პირველივე დღიდან და დღესაც არ ვეთანხმები რომ ეროსიმ თავი მოიკლა. არგუმენტი, რის გამოც გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ვეთანხმები არის ის, რომ მას ქონდა უამრავი გეგმა. მე ვიცნობდი ჩემს ძმას, ვიცოდი თუ რა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეროსი თავს არ მოიკლავდა. მართალია ის დამარცხდა რუსთავის არჩევნებში, თუმცა ეს არ იყო მისი ძირითადი ამოცანა, ეს იყო გეგმის ერთ-ერთი ნაწილი და ამ გეგმების განხორციელებას განაგრძობდა”, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
ამასთან, თუ რა იქნება ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების შემდეგი სამოქმედო გეგმა, ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ საქმეში ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა ძიება თავიდან დაიწყოს. ზურა კიწმარიშვილი ეროსი კიწმარიშვილის მიერ იარაღის შეძენის საკითხზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მის ძმას იარაღი თავდაცვისთვის სჭირდებოდა.
”რაც შეეხება იმას თუ რატომ შეიძინა იარაღი, მას არ ჰყავდა დაცვა, ის აპირებდა სერიოზული, ხისტი და კრიტიკული ნაბიჯების გადადგმას და ამასთან დაკავშირებით მავანი ადამიანების რეაქციას მოელოდა. ის გრძნობდა, რომ მასზე შესაძლოა ძალადობა ან თავდასხმა მომხდარიყო და იარაღის თემა სწორედ აქედან წამოვიდა. იარაღის შეძენაზე ჯერ კიდევ შემთხვევამდე 8 დღით ადრე ფიქრობდა.
პროკურატურას აქვს საშუალება დააკვირდეს თითის ანაბეჭდებისა და დნმ ბაზებს და მათი მონაცემების განახლებას. ვინაიდან საქმეში არის უცხო დნმ და თითის ანაბეჭდები, შესაძლებელია საქმეზე საგამოძებო პროცესი გაგრძელდეს”, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და შესაბამისად, საქმეზე გამოძიება შეწყდა.