თუ სასამართლოებთან დაკავშირებული პროექტი არ გაგვაქვს, უნდა ვიცოდეთ რაშია საქმე

თუ სასამართლოებთან დაკავშირებული პროექტი არ გაგვაქვს, უნდა ვიცოდეთ რაშია საქმე

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორს - იუსტიციის სამინისტროს განმარტოს სთხოვს, რატომ არ გამოდის პროექტი განსახილველად პარლამენტში.

”საუბარია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღად წოდებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც პარლამენტის დღის წესრიგში მესამე მოსმენით არის წარდგენილი, თუმცა საკითხის განხილვა გაჩერებულია.

”ძალიან ვთხოვ ინიციატორს, ალექსანდრე ბარამიძეს აგვიხსნას რა ხდება ამ საკუთხთან დაკავშირებით. აღნიშნულ კანონპროექტზე არის ძალიან დიდი ინტერესი, ყურადღება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. ამ დღეებში იყვნენ სტუმრები და ყველა ამ კანონზე საუბრობს. ასე რომ, თუ კანონი არ გაგვაქვს, უნდა ვიცოდეთ რაშია საქმე. ძალიან მარტივად და მკაფიოდ დგას საკითხი”, - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე 20 ივნისის ბიუროს სხდომაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, დღის წესრიგშია ”საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც მართმსაჯულების სისტემაში რეფორმის მესამე ტალღას უკავშირდება, თუმცა იმის გამო, რომ რამდენიმე მუხლზე მეორე მოსმენისას შეთანხმება ვერ მოხდა, ამან შეიძლება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება შეაფერხოს. უსუფაშვილმა კოლეგებს კონსულტაციებისკენ მოუწოდა.