პრემიერი:   ჩვენი ქვეყნის მომავალს მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შექმნიან

პრემიერი: ჩვენი ქვეყნის მომავალს მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შექმნიან

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შსს-ს აკადემიაში, სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალს მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შექმნიან.

"როდესაც ასეთ ახალგაზრდებს ვხედავ, ოპტიმიზმით ვივსები. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილს და მის გუნდს იმისთვის, რასაც აკეთებენ. დღეს არის ერთგვარი ღია კარის დღე პოლიციისთვის, შსს-თვის. ახალგაზრების ჩართულობა იმ რეფორმებსა და ცვლილებების პროცესში, რომელზეც დღეს შს მინისტრმა ისაუბრა, უკიდურესად მნიშვნელოვანია. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ცვლილებების პროცესში არის მნიშვნელოვანი. მინდა წარმატება ვუსურვო შსს-ს. ყველა თქვენგანის წარმატებაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის უსაფრთხოება, რაც ჩვენი მთავრობისთვის და მოქალაქეებისთვის უზენაესი მიზანია. ასევე, მივესალმები იდეას, რომ პოლიციის აკადემიის სწავლება და მისი მასშტაბის გაზრდა იგეგმება. განათლების მიმართულებით, ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს. ის ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სფეროა ჩვენი ქვეყნის მომავლის მნიშვნელობაში", - აღნიშნა მტავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს. მანვე აღნიშნა, რომ შსს-სა და პოლიციის აკადემიის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 200-მდე სტუდენტს შსს-ს აკადემიაში გამართულ კარიერული განვითარების ფორუმზე უმასპინძლა.

შს მინისტრის ინიციატივით, დაგეგმილია შსს-ს აკადემიის რეგიონულ საპოლიციო-საგანმანათლებლო ცენტრად გარდაქმა, რისთვისაც ქართული მხარე აშშ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს.