"ჩეკების გათამაშებით ხელისუფლება დიდ ფულს შოულობს... ეს არის გრანდიოზული აფიორა და პირდაპირი დაყაჩაღება"

 

"ახლა ყველაზე სერიოზული ნაბიჯი, რაც "ნაციონალურმა ხელისუფლებამ" გადადგა, რასაც მასმედიამ სათანადო კრიტიკული ყურადრება არ მიაქცია, ის არის, რომ ნებისმიერი ქვითარი, რომელიც სალარო აპარატით ამოირტყმება, ეს არის ლატარიის ბილეთი - ეს არის პრაქტიკულად ხალხის მორიგი დაყაჩაღება. ჯერ ერთი, თუ ეს ქვითარი ლატარიის ბილეთია, მას სჭირდება საპრემიო ფონდი. მეორე - გათამაშებისთვის რომ ფონდი შეიქმნას, ჩვენ მიერ ნაყიდ პროდუქციაში გადახდილი თანხიდან რაღაც ნაწილი ამ ფონდში უნდა შევიდეს - ეს არის მეწარმეებისთვის წილში ჩაჯდომა. მეწარმეს ეს თუ არ უნდა, ფასი უნდა მოუმატოს. თუ გაუვიდა საქონლის გაძვირება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს. ეს არის პირდაპირი დაყაჩაღება", - აცხადებს ექსპერტი, პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლადო პაპავა: "ჩეკების გათამაშებით ხელისუფლება დიდ ფულს შოულობს".

"პრაქტიკულად ამ კანონზე არანაირი კრიტიკული რეაქცია არ ყოფილა, ძალიან ადვილად გაიტანეს. გინდა არ გინდა, ყველა ვხდებით იძულებითი ლატარიის მოთამაშე, იმიტომ, რომ შეუძლებელია, პური არ იყიდო, წამალი არ იყიდო და ა.შ. - ეს არის დაყაჩაღების შესანიშნავი სქემა. გაჭირვებული პენსიონერიც ხომ ყიდულობს პურს. ფულს მისგანაც წაიღებენ. ეს კანონი პარლამენტში გავიდა, როგოც ჩვეულებრივი რამ! ეს არის გრანდიოზული აფიორა და ის უმტკივნეულოდ "გააძვრინეს" სხვადასხვა პოლიტიკური თემების ფონზე. წარმოიდგინეთ, საშუალოდ, 3-5 თეთრიც რომ ამოიღონ ყველაზე მცირე ოდენობის ნავაჭრიდან, რამდენი მილიონის შემოსავლების მობილიზებაა შესაძლებელი სახელმწიფო ყულაბაში, თანაც ლეგალური გზით. სათავისოდ ძალიან ჭკვიანები არიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.

"კანონი, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციულია - ჩვენ ყველა ვხდებით მოთამაშე. ვინმე გამოვიდა პარლამენტში ამ კანონთან მიმართებაში წინააღმდეგ? მე არ მახსოვს. მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია და ნაციონალების აღფრთოვანება გავიდა საინფორმაციო საშუალებებით. ბიზნესმა რა უნდა ქნას - ან შემოსავალი უნდა დათმოს, ან ფასი გაზარდოს. ფასს თუ მოუმატებს, ჩვენ მყიდველები, ვზარალდებით. თუ ფასს ვერ მოუმატებს, მაშინ თავისი მოგება უნდა დათმოს სახელმწიფო ლატარიის სასარგებლოდ. ქვითრების ლატარია არანაკლებ გრანდიოზულია ვიდრე "112"-ის გადასახადი - ნონსენსია - პრაქტიკულად არაფერში გვახდევინებენ 20 თეთრს", - დასძენს რესპონდენტი.

"... დამერწმუნეთ, მოსკოვი ყველანაირად დაეხმარება სააკშვილს შემოდგომაზე არჩევნებში გასამარჯვებლად. პუტინს ხელს აძლევს სააკაშვილის მხრიდან რუსეთის მიმართ აგრესიული რიტორიკა. რატომ არ აწყობს? რასაც უნდა, იმას აკეთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - არა მარტო ოკუპაციას, ანექსიასაც ახორციელებს. ელჩების დანიშვნის შემდეგ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის დანიშვნით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსკოვმა თავად აღიარა, რომ მისი გახსნილი საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში არის ფორმალობა. პრაქტიკულად მიდის სრული ანექსია. რეალურად საქართველო აქ უსუსურია, საერთაშორისო თანამეგობრობა დიდად ვერ ერევა ამ პროცესში. რაში სჭირდება პუტინს ვინმე სხვა? სხვას იძულებული იქნება დაელაპარაკოს ყველა საერთაშორისო ფორმატში. რეალური სურათი ასეთია: პრაქტიკულად მოსკოვს აწყობს, რომ ჰყავდეს სააკაშვილი საქართველოში და ყველაფრით ეხმარება მას. შემოდგომაზეც სამხედრო წვრთნების დანიშვნა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის მხარდაჭერა, რომ ნაცმოძრაობამ საპარლამენტო არჩევნები მოიგოს. რატომ მაინცდამაინც წელს შემოდგომაზე დაინიშნა სამხედრო წვრთნები, გაზაფხულზე დაენიშნა და ზაფხულში, ანდა სულაც 2013 წლის პირველ ნახევარში.", - მიიჩნევს ექსპერტი.