სვანეთი, შესაძლოა, ერთ დიდ ჰესების კომპლექსად გადაიქცეს

სვანეთი, შესაძლოა, ერთ დიდ ჰესების კომპლექსად გადაიქცეს

“ნენსკრაჰესის” მსგავსი სიმძლავრის ჰესზე სულ რაღაც 4-5 წლის წინათ ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო”, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სვანეთში ყოფნისას და თვალი იმ ტყის მასივს გადაავლო (400 ჰექტარი), რომელიც ამ ჰესის მშენებლობას შეეწირება. თანაც მშენებლები ხომ ჩინელები არიან და საყოველთაოდ ცნობილია თუ როგორ ეპყრობიან ე.წ. ჩინელი ინვესტორები საქართველოს ბუნებას. თუმცა, სააკაშვილს ამაზე ფიქრისთვის თავი არ აუტკივებია.

 

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულთა 90% საქართველოს მოქალაქე იქნება. “ეს არის ჩემთვის პრინციპული საკითხი იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები, უფრო ეფექტური მშენებლობები. აქ 5 წელში იქნება ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ენგურის შემდეგ აშენებულა. 5 წელში საქართველოში 2-ჯერ და მეტჯერ გაიზრდება ჰიდროელექტროენერგიის სიმძლავრე. 2 თვეში “ნამახვანიჰესის” მშენებლობაც იწყება და “ნენსკრაჰესთან” ერთად, ორივეს სიმძლავრე, პრაქტიკულად, გაუტოლდება “ენგურჰესის” თავდაპირველ სიმძლავრეს”, - განაცხადა სააკაშვილმა.  

ვაგლახ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამ რამდენიმე წინადადებაში უამრავი მიზანმიმართული ტყუილი თქვა. ჯერ ერთი, ყველამ იცის, რომ ე.წ. ჩინელი ინვესტორები თავის სტრუქტურაში ადგილობრივებს არ ასაქმებენ. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ფაქტიც კი გახმაურდა. მერედა, ქართველებმა ვისგან უნდა ისწავლონ ახალი ტექნოლოგიები ჰიდროენერგეტიკაში? ჩინელებისგან? მსოფლიოში უნიკალური ჰესის (საუბარია ენგურჰესზე, რომლის ინჟინრულ გადაწყვეტასაც მსოფლიოში ანალოგი ახლაც კი არ მოეძებნება) ამშენებელ ხალხს ჩინელებმა უნდა ასწავლონ რაიმე? ქართველი ჰიდროენერგეტიკოსები ხომ განთქმულნი იყვნენ და დღესაც არიან თავიანთი ზემაღალი პროფესიონალიზმით. 

რაც შეეხება 2 თვეში დასაწყებ “ნამახვანჰესს”, უნდა ყველამ გაიგოს, რომ ამ უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არათუ 2 თვეში, არამედ 2 წელიწადშიც ვერ დაიწყება. მიზეზი ძალიან მარტავია - უკვე შერჩეული ორივე ინვესტორი ქვეყნიდან უკანმოუხედავად გაიქცა და “ნამახვანჰესიც” ბედის ანაბარად არის მიტოვებული. ახალი ინვეტორის მოძებნა (უფრო სწორად, შემოტყუება) კი ვერ ხერხდება.

“ნენსკრაჰესს” ჩინური კომპანია SINOHYDRO აშენებს. მშენებლობა 5 წელიწადში დასრულდება. ჰესის დადგმული სიმძლავრე 210 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 1,2 მილიარდ კვტ_სთ-ს შეადგენს. ზამთრის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება 260 მლნ კვტ_სთ იქნება. პროექტში 630 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ჰიდროელექტროსადგურის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ, შესაძლებელი იქნება თბოელექტროსადგურის ერთი, 120 მგვტ-იანი ენერგობლოკის ჩანაცვლება. ამასთან, ზამთარში “ნენსკრაჰესი” “ენგურჰესის” წყლის რესურსს გაზრდის და შესაბამისად, საშუალებას მისცემს გამოიმუშავოს უფრო მეტი ელექტროენერგია. კომპანია გამომუშავებულ ელექტროენერგიას ზამთარში შიდა ბაზარზე გაყიდის, ხოლო ზაფხულში ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გაიტანს.  

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” კი სვანეთში “ნენსკრაჰესის” მშენებლობის პროექტის განხორციელებას ეკოლოგიური თვალსაზრისით უარყოფით შეფასებას აძლევს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნაკრისა და ნენსკრას ხეობებსა და მდინარეების ეკოსისტემაზე აღნიშნული ჰესების მშენებლობას მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა ექნება.  

ჰესის მშენებლობის გამო სვანეთის მაღალმთიანეთში 400 ჰა-მდე ხელუხლებელი ტყე გაიჩეხება, რაც სრულად შეცვლის არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტს. “ნენსკრასა და ხუდონზე რეზერვუარების ერთობლივი ზემოქმედება ადგილობრივი კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, ადამიანთა ჯანმრთელობას გააუარესებს და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში ცვლილებას გამოიწვევს. პროექტის უშუალო ზემოქმედების არეალში მნიშვნელოვნად გააქტიურდება მყინვარების დნობის პროცესი”, - ნათქვამია განცხადებაში.  

“მწვანე ალტერნატივას” ინფორმაციით, 23 თებერვალს, მესტიაში ჩატარებულ საჯარო განხილვაზე, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა “ნენსკრაჰესის” მშენებლობის მიმართ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა. “სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილებით ზეწოლას ახდენს ნებართვის გამცემ სტრუქტურებზე. აგრეთვე, ის დიდი კაშხლების მშენებლობებით მოსახლეობაში გამოწვეულ სამართლიან შეშფოთებას უგულებელყოფს”, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში. 

აღსანიშნავია, რომ უკვე მოქმედი ენგურჰესისა და ახლადდაწყებული “ნენსკრაჰესის” გარდა, სვანეთში მრავალი წლის წინათ მიტოვებული ხუდონჰესის მშენებლობის განახლებაც იგეგმება. ასე რომ, სულ მალე საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე, შეიძლება, ერთ დიდ ჰესების კომპლექსად გადაიქცეს.